კარადიდან გამოსვლა | გურამ მაცხონაშვილი


პროლოგი

ნახალოვკაში ვცხოვრობ. ჯერ ბაღში და შემდეგ სკოლაშიც იქვე დავდივარ. პრეზიდენტი შევარდნაძეა. მართალია, ქალაქში ეს ტერმინი კიდევ 30 წელი არ შემოვა და, შესაბამისად, მე ამის შესახებ წარმოდგენაც არ მაქვს, მაგრამ უბანი სავსეა სისგენდერი კაცებითა და ქალებით. გადასასვლელ ხიდს დღეში, ალბათ, რამდენი პანსექსუალი, ლესბოსელი, აგენდერი, ბიგენდერი, ინტერსექსი და გეი კვეთს; ალბათ რამდენ ქროსდრესერს მიუწევს გული ლიკრა კალგოტკისკენ, ვაგზლის მოედანი კი სავსეა ქვიარებით, რომლებმაც არ იციან. უბრალოდ არ იციან. 

სურათი პირველი, სადაც ბიჭს პირველი, არც ისე დიდი სიყვარული ეწვევა

თონე – აი, სად გავმიჯნურდი პირველად კაცზე. ალბათ, რვა ან ცხრა წლის ვარ. მიმიქარავს კარავაჯო და მის მიერ მოხაზული კაცის სხეულები – თონეში თავჩარგული მცხობელი უკვე მზა კომპოზიციაა. ესთეტიკა – ქართული, სამამულო. საცხობელი პურისაჲ.

ნამდვილი პატრიოტი ვარ!

***

„გაღებული კარიდან მკაფიოდ მოისმოდა მჭადის მცხობლის ხელების პარტაპურტყი.“ 

სურათი მეორე, სადაც ბიჭი აღმოაჩენს, რომ შვედურ ოჯახს ქმნის 

თონეში სულ უფრო ხშირად მაგზავნიდნენ. მალე აღმოვაჩინე, რომ ჩემი მიჯნური ხაბაზი, ერთი კი არა, ორია – ტყუპები მონაცვლეობით მუშაობდნენ. 

 

სურათი მესამე, სადაც ბიჭი თავის თავს ერთი საეჭვო პროვოკაციის ნებას რთავს

2013 წლის 17 მაისის კადრებს ტელევიზორში ვუყურე და უკვე რამდენიმე კვირაში «იდენტობაში» ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა [გონგის ხმა!]. ჩემი ნათესავები განგაშის პირველ ნიშნებს იღებენ. პირველი კვირა ორგანიზაციის ახლად გამოცემულ ლექსიკონში თავჩარგულმა გავატარე. ლგბტ – პირველად აქ ამოვიკითხე ეს ოთხი ასო-ნიშანი გვერდიგვერდ. ჩემი საქმიანობა ორ რამეს მოიცავდა: უნდა შემექმნა ორიგინალური მასალა ლგბტ ადამიანებზე; და მეთარგმნა სტატიები და ინტერვიუები არაქართულენოვანი მედიებიდან. ზუსტად აქ გაჩნდა ჩემი არამეგობრული დამოკიდებულება იმ ესთეტიკის მიმართ, რომელსაც დაუღალავად ქმნის დასავლეთი. ცისარტყელა დროშა არ მომწონს. ასევე არ მომწონს პრაიდის დღეებში თეატრალიზებული გამოსვლები, კარნავალური სულისკვეთება ევროპის ქუჩებში (ამის წერისას ძლიერ დიპლომატიური ვარ). ზოგადად, ცუდი თეატრი არ მომწონს. და კი – ამის მიუხედავად, ხილვადობა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია!

ვიჯექი დილის 9 საათიდან ორგანიზაციის ოფისში და ვთარგმნიდი ერთმანეთზე უფრო საძაგელ სტატიებს. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ უენტორტ მილერის დაქამინგაუთება ვიღაცას, თბილისში თუ რეგიონში, რაღაცა ხელშესახებს მისცემდა. 

***

«ამერიკას არაჩვეულებრივი დილა გაუთენდა – რიკი მარტინმა ქამინგ აუთი გაიკეთა» 

***

«ჯეიმს ფრანკოს თქმით, ის მართლაც აღარ ნანობს, რომ ოდესღაც მამაკაცს აკოცა»

***

«კრისტინა აგილერამ ამერიკის ჰიმნი შეასრულა (მათ შორის გეი ამერიკელებისთვისაც)»

***

«ჯასტინ ტრიუდომ ქროსდრესერ მამაკაცს კამერების წინ გაუღიმა»

***

«არ მოიწყინოთ, ოსკარ უაილდიც გეი იყო»

სურათი მეოთხე, სადაც ბიჭს ქვეცნობიერი ეთამაშება

სამი პიესა და ერთიც რომანი – მაგრამ მწერლის იდენტობა არ მაქვს. ჩემი პირველი რომანი (პრინციპში, ბოლოც. გააჩნია, საიდან გადაითვლი) 2017 წელს დაიბეჭდა. იქამდე, ოცი წლით ადრე, 1997 წელს, რვა წლის ასაკში ჩემი პირველი მოთხრობა დაიბეჭდა (მოყვითალო თაბახის ფურცლებზე) – ხელნაწერი არ ვიკმარე და, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, მე და დედაჩემმა მის მეგობარს (რომელიც სახლმმართველობაში მბეჭდავად მუშაობდა) სამსახურში მივაკითხეთ. მოთხრობის ფაბულა ახლა არ მახსოვს. მისი ერთადერთი ნაბეჭდი ეგზემპლარი დაიკარგა. მახსოვს მხოლოდ პერსონაჟები (გედი და პრინცესა) და მახსოვს სათაური – «კარადიდან გამოსვლა». 

ამ დროს მხოლოდ ხუთი წელია გასული მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო, დასავლურ პრესაში კი სულ უფრო ხშირად ჩნდება სტატიები ქამინგ-აუთის შესახებ. ჩემი ტელევიზორი მხოლოდ მე-2 არხს უჩვენებს, მე-2 არხი კი – პარლამენტის სხდომებს. მე თექვსმეტი წლის შემდეგ (როცა «იდენტობაში» დავიწყებ მუშაობას) გავიგებ, რომ ორი ასეთი ტერმინი არსებობს. ჩემი მოთხრობა კი, გედისა და პრინცესას მონაწილეობით, სრულად აკმაყოფილებს ჰეტერონორმატიულ პარამეტრებს 1997 წლის თბილისში.

***

Wikipedia: «ეს ტერმინი, ინგლისური, ოდნავ მოძველებული გამონათქვამიდან „coming out of the closet“ (კარადიდან გამოსვლა, აზრობრივად, სამალავიდან ამოსვლა) მომდინარეობს.»

სურათი მეხუთე, რომელშიც ბიჭი ქამინგაუთს აკეთებს და რომელიც არასდროს მომხდარა

როცა ამ სტატიის დაწერა მთხოვეს, პირველად დავფიქრდი, როდის გავაკეთე ქამინგაუთი. მკაფიო ვერბალურ დონეზე, მგონი, ეს არასდროს მომხდარა. ისე, ორ მეგობარს ავკიდე ამის ცოდნის პასუხისმგებლობა, სხვადასხვა დროს. ორივე მათგანმა საშინლად გამიცრუა იმედი – არავითარი დრამა, არავითარი უარყოფა, ორივეს გაუსწორდა. 

ეპილოგი 

წლების შემდეგ უკვე პირდაპირ შეყვარებულის თანხლებით დავიწყე ნაცნობებთან გამოცხადება. ჩემთან ერთად იყო, როგორც რაღაცა განგრძობითი პროცესის არტეფაქტი. ამ აგრესიულმა სტრატეგიამ იმუშავა. რამდენიმეთვიანი ჭირვეულობის შემდეგ დედაჩემისგან შემრიგებლური სმს მომდის: Ras shvebi? Yava da sazamtro gvaqvs. gamodit sagamos shen da lasha. 

[ფ ა რ დ ა]