თმა


დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ არასასურველი შვილი ვიყავი. რა თქმა უნდა, ამ სიტყვებით არასდროს უთქვამს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემამდე რამდენიმე აბორტი გაუკეთებია; ისიც უთქვამს, იმიტომ გაგაჩინე, რომ ყველამ მითხრა მესამე ბავშვის გაჩენა მარტივი იქნება, გართულებების გარეშეო; ისიც, რომ მამაჩემთან შეთანხმებული ყოფილა – რაიმე გართულების შემთხვევაში, თუ თვითონ დედა გადაწყვეტილების მიღების მდგომარეობაში არ იქნებოდა და არჩევანის წინაშე დადგებოდნენ, დედა გადაერჩინათ თუ შვილი, აუცილებლად დედას აირჩევდნენ – თუ რამეა, შვილს კიდე გაგიჩენო.

რა თქმა უნდა, ყველაზე რთული ჩემი გაჩენა აღმოჩნდა. ზოგადად, ყველაფერი ხომ პირიქით უნდა მოხდეს. იმდენად გართულდა ჩემი დაბადება, არ ვიცი, ძალიან მინდოდა ამ სამყაროში მოხვედრა თუ ძალიან – არა. ცოტაც და, ჩემს დაჭრას და ისე გამოღებას აპირებდნენ. ამ ისტორიის მოსმენისას ყოველთვის სეკატორს წარმოვიდგენ ხოლმე. ყველა შემზადებული იყო, რომ დანაკუწებული 5 კილო და 200 გრამი ხორცი უნდა გამოეღოთ დედაჩემის მუცლიდან, მაგრამ გადავრჩით. აქ ვინმე „მადლობა ღმერთს“ ჩაამატებდა, მაგრამ ჩვენ არასდროს გვწამდა ღმერთის.

გავჩნდი. წითელი. წითელივე თმებით. პატარა დემონი და ეგრევე ყურის წამღები ტირილი მოვრთე. დედამ ექთნებს სთხოვა, ეს რაღაცა გაეტანათ ოთახიდან. სახელიც კი არ ჰქონდა მოფიქრებული. სანდრო მოსწონდა, მაგრამ მამიდაჩემმა დაასწრო და თავის შვილს დაარქვა. გადაწყვეტილება მამამ მიიღო, პირველი რაც მოუვიდა თავში, ის ჩაწერა – ლაშა. ძალიან გამიმართლა სახელში, კარგად ჟღერს.

ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით, ხუმრობით, ჰაჰაჰა-ჰიჰიჰითი მიყვება ხოლმე. რა თქმა უნდა, მეც ვიცინოდი და მიხაროდა ეს ისტორიები, იმიტომ რომ დედისგან ყოველთვის ვგრძნობდი სიყვარულს. ახლა ვერ ვხვდები, როგორი ემოცია მქონდეს. მიხაროდეს, რომ ჯერ კიდე არ დაბადებულს სასწაული ბედი მქონდა, სასწაულად ვიბრძოლე, თუ – პირიქით, ვწუხდე ამაზე. ხო, მართლა, მამა და მისი საძმაკაცო „ჟერტვა აბორტა“-ს მეძახდნენ. ვერ ვხვდებოდი, რა იყო ამაში სასაცილო – ჩემზე ხომ აბორტი არ გაუკეთებიათ. ხოდა, თურმე პირიქით, რომ არ გაუკეთებიათ, მაგიტომ ვარ „ჟერტვა“.

დედამ მითხრა, ორსულად რომ ვიყავი, რამდენჯერაც რიჟა ადამიანს დავინახავდი, ნერვიულობას ვიწყებდიო, და რატომღაც ვფიქრობდი, ჩემი შვილი ასეთი არ გამოვიდესო. საშინლად არ მოსწონდა.

გარშემო რიჟა არავინ გვყავს. არც სახლში, არც სკოლაში, არც უახლოეს თუ შორეულ სანათესაოში, არც უბანში, არც მაცივარში – არსად.

ყველა განსხვავებულ ბავშვს სურს ჩვეულებრივობა, მხოლოდ ზოგ ჩვეულებრივ ბავშვს უნდა განსხვავებულობა. ეს ჩემი დაკვირვებაა. არც მე ვიყავი გამონაკლისი და მთელი ჩემი ბავშვური ცხოვრება ვოცნებობდი მუქ თმაზე, მუქი თმა არ ყვირის. არ მინდოდა ჩემსას ეყვირა.

დედას რიჟები არ მოსწონდა. ვერ ხვდებოდა რატომ იყო მისი შვილი ასეთი. მერე გაირკვა, რომ დიდი ბაბუის ბიძის გენმა იყივლა. შვიდი თაობა ძლებს თურმე ეს გენი. სამწუხაროდ, არ გაუმართლა.

მეზობლებმა უთხრეს, დროთა განმავლობაში ასეთმა თმამ გამუქება იცისო. რაც უფრო ხშირად შეჭრი, მით უფრო მეტად დაჩქარდება პროცესიო. დედასაც მეტი რა უნდოდა. თან ბიჭზე გრძელი თმა მაინც არ მოსწონდა და კვირაში ერთხელ გამოწერილი მქონდა პარიკმახერთან ვიზიტი. მიზეზი არც არასდროს დაუმალავს და არც არასდროს უფიქრია, რომ შვილისთვის აზრი ეკითხა. დედებმა ხომ ყველაფერი უკეთ იციან.

ასე შემზიზღდა თავი. ვერაფერს ვეღარ ვიტანდი: ვერც თმას, ვერც თვალს, ვერც კანის ფერს, ვერც ჭორფლს, ვერც ცხვირს და ტუჩს, ვერც კბილებს, ტანს, წონას. ისტორია ძალიან რომ არ დასევდიანდეს, სჯობს ეს გარდატეხის ასაკს დავაბრალოთ – 14 წლისას თავი ხომ არავის მოსწონს.

სარკეში ყურების კადრები, როცა თმა უკვე 2-3 სანტიმეტრს მიუახლოვდა და შინაგანი შფოთი, რომ ისევ დგება ის წამი, ისევ დაიწყება ყვირილი, ჩხუბი, დანამუსება, ტირილი. რომ მახინჯი ვარ, რომ თუ თმას არ შევიჭრი ჩემ გვერდით აღარ გაივლის. ასეთი შანტაჟის მერე რთულია არ დანებდე. ხოდა, მეც ვნებდებოდი. მინდოდა დედასთან ერთად სიარული, კარგი იყო. ხოდა, ხან რომელ საპარიკმახეროში მივდიოდით, ხან – რომელში. მნიშვნელობა არ ჰქონდა, დიდი ცოდნა არ უნდოდა ჩემი თმის შეჭრას, ზედმეტად სტანდარტული იყო. ამიტომ, უბრალოდ, ყველაზე იაფიან ადგილს ვარჩევდით და ძალიან მარტივად, მალე ეძლეოდა ხოლმე ჩემს თავს ისეთი ფორმა, როგორიც დედაჩემს მოსწონდა.  არც მეტი, არც ნაკლები. და ასე თითქმის ყოველკვირა. ხანდახან 3 ლარი არ გვქონდა და ცოტათი აგვიანებდა რიტუალი. ერთ-ერთი ასეთი დაგვიანების დროს, დავინახე რომ ჩემი თმა ტალღოვანი ხდებოდა და უფორმოდ, უაზროდ მიდიოდა აქეთ-იქით.

ერთხელ ტელევიზორში ვნახე  ვიღაცა ხუჭუჭა ბიჭი და დედას ვუთხარი, რა მაგარი თმა აქვს, ნეტა მეც ეგეთი მქონოდა-თქო. იმანაც არ დააყოვნა და მითხრა, ხომ იცი, ეგეთი ვერ გექნება, უბრალოდ უაზროდ ტალღოვანიაო. ვიცოდი.

რაღაც მომენტში შევეგუე. დრო გადიოდა და ვხვდებოდი, რომ ეს თმის ჭრა მარტო ფერის გამო არ იყო.  დედა ცდილობდა გოგოს არ დავმსგავსებოდი. საეჭვო ქცევები აღმომაჩნდა, როგორიც, მაგალითად, ჩემს ძმას არ ჰქონდა: სხვა მანერით ვლაპარაკობდი, ხელებს სხვანაირად ვიყენებდი, სხვანაირად დავდიოდი. სარკეში უფრო ხშირად ვიყურებოდი, დგომის მანერაც სხვა მქონდა და ინტერესებიც, ნაკლებად ჰგავდა სხვა ბიჭებისას. ტორტების და ნამცხვრების გაკეთება მიყვარდა და ყვავილების ხატვა. ფერადი ტანსაცმელი მომწონდა და ლამაზად წერა. ხოდა, ამ დაკვირვებებისა და ეჭვების გამო, მთელი თავისი ენერგია ჩემი კაცურად გაზრდისკენ მიმართა. დაიწყო აბსოლუტურად ყველაფრის კონტროლი. არ იცოდა, რომ ამის სწავლა არ შეიძლება, არ იცოდა, რომ ვერ შემცვლიდა.

მერე გავიზარდე. ჩავაბარე უნივერსიტეტში. უკვე თვრამეტის ვიყავი და სულ უფრო მეტი ძალა მქონდა დედისთვის წინააღმდეგობის გაწევის. ხოდა, ჩემი პირველი ამბოხიც თმის შეჭრაზე უარის თქმა იყო.

მე და ჩემი კურსელები ქუჩაში ვსეირნობდით. ძლიერი ქარი იყო, შემოდგომა. თბილად გვეცვა. არც ციოდა, არც ცხელოდა. ერთ-ერთი ქუჩის გადაკვეთისას, ქარმა ისე ძლიერად დაუბერა, რომ თმა ამიწეწა. მგონი, ისეთი ბედნიერი და გაოცებული დიდი ხანი არ ვყოფილვარ, როგორც მაშინ. მიწეწავდა ქარი და მე დებილივით ვიცინოდი, ვუხსნიდი მეგობრებს მიზეზს, მაგრამ ვერ მიხვდნენ: გოგოები იყვნენ და ყველას გრძელი თმა ჰქონდა, ბუნებრივად და უმტკივნეულოდ. ხოდა, ბევრი აღარც მიწვალია, უბრალოდ ბედნიერმა გავაგრძელე ქარში სიარული.

მერე ძალიან გაიზარდა. რაღაც მომენტში ტალღოვანი თმა კულულებად გადაიქცა და ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორზეც ვოცნებობდი. დედას კაი ხანი ეგონა რომ ბიგუდებით ვიხვევდი, მისგან მალულად. ახლა უკვე შეეგუა, დაიჯერა, მოსწონს. როგორც თვითონ იტყოდა, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. მერე გაიხსენა, რომ დაიბადე, კულულები გქონდაო.

თითქმის ყველაფერი წყალში ჩაეყარა, თმა ერთი ტონითაც  არ გამუქებულა. დასწავლულ მანერებს ნელ-ნელა ნაგავში ვისვრი და ვცდილობ ისე ვიარო, ისე ვილაპარაკო და ისე გამოვიყურებოდე, როგორც, მგონია, პატარა ლაშას გაუხარდებოდა. რთული პროცესია, არამგონია ბოლომდე შევძლო, მაგრამ ცოტა ხომ სჯობს არაფერს?

როცა ვუთხარი გეი ვარ-მეთქი, იტირა. მითხრა, რომ სულ ეჭვობდა და მაგიტომ იქცეოდა ასე. ეგონა მასთან რომ დიდ დროს ვატარებდი, მაგიტომ გავხდი ასეთი, “კაცის ხელი დამაკლდა“ და თავის დადანაშაულება დაიწყო. არავინ ასწავლა. რომ გავიზარდე, მე მომიწია რაღაცების ახსნა, რაღაცების სწავლება და ბევრ საკითხში მისი აღზრდა. ეს არც ისე რთული იყო. საბოლოოდ, ვხვდები, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან გამიმართლა დედაში.

დღეს ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ზოგჯერ წასძლევს ხოლმე ცდუნება, ჩაცმულობა, თმა ან საყურე გამიკრიტიკოს, მაგრამ აღარ აქვს იმხელა ძალა, გავლენა მოახდინოს. 18 წლამდე ჩემი სხეული მას ეკუთვნოდა, დღეს კი – მე მეკუთვნის. თმა გრძელი და ხუჭუჭა მაქვს. დღეს ისიც წითლად იღებავს.