10 მითი ბისექსუალობის შესახებ, რომელიც უნდა დავამსხვრიოთ


https://www.flickr.com/photos/42614915@N00/
credit: mary/flickr ბისექსუალი ადამიანების დროშა სან ფრანცისკოს პრაიდზე.

დღეს 23 სექტემბერია, რომელიც ბისექსუალი ადამიანების ხილვადობის დღედაა გამოცხადებული. რა საჭიროა ბისექსუალების ხილვადობის დღის დაწესება?! საჭიროა, რადგან ბისექსუალი ადამიანები ლგბტ თემში ერთერთი ნაკლებად ხილვადი არიან, რომელთა მიმართ სტერეოტიპები და მითებია გავრცელებული. ისინი ყველამ ერთად უნდა დავამსხვრიოთ!

ბისექსუალი ადამიანები საზოგადოებაში გავრცელებული იმ საერთო აგრესიისა და ცრურწმენების ადრესატები არიან, რაც ქვიარ ადამიანებს გვხვდება. თუმცა არის მითები, რომლებიც პირდაპირ მიემართება ბი თემს და კვებავს ბიფობიას (შიშს ბისექსუალი ადამიანების მიმართ). სტატიაში გთავაზობთ 10 მითს, რომლებზეც ყველას უნდა გვქონდეს პასუხი, რათა დავამსხვრიოთ ცრურწმენები ბისექსუალი ადამიანების წინააღმდეგ.

მითი #1: ბისექსუალობა არ არსებობს, ეს არის გზა ჰომოსექსუალობისკენ

უამრავი ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ატარებს ბისექსუალის იდენტობას. შესაძლოა იცნობდეთ ადამიანს, რომელიც თავს ბისექსუალად აიდენტიფიცირებდა და შემდეგ განაცხადა, რომ ლესბოსელია/გეია, არ დაგავიწყდეთ, რომ სექსუალობა ფლუიდურია და მას კავშირი არ აქვს ბისექსუალობასთან. ერთერთი კვლევის მიხედვით, ბისექსუალების 92% 10 წლის შემდეგაც თავს მიაკუთვნებდა ბისექსუალ თემს (Diamond, 2008)

მითი #2: ბისექსუალები მატყუარები არიან

ესეც ერთერთი მითია, რომ ბისექსუალები ვერ ჩამოყალიბებულან რა სურთ და ხშირად აჯერებენ სხვებს, რომ ორივე სქესის მიმართ აქვთ სექსუალური და რომანტიკული სწრაფვა. ასეთი მიდგომა ბისექსუალობის სექსუალიზების შედეგია, მატყუარა კი შეიძლება ყველა ორიენტაციის ადამიანი იყოს. ერთერთი კვლევის ფარგლებში დადასტურდა, რომ დაქორწინებული ჰეტეროსექსუალების 15-28%-ს ჰქონია პოლიამორიული ურთიერთობები (Weitzman, Davidson, & Phillips, 1999)

მითი #3: ბისექსუალებს ერთდროულად ორ ადამიანთან სექსი სურთ

ერთერთი გავრცელებული მითი, რომელსაც ბისექსუალები აწყდებიან, განსაკუთრებით გასაცნობ ქსელებში ისაა, რომ ისინი თითქოს ეძებენ ორ ადამიანთან სექსს. ბისექსუალები იმიტომ არ არსებობენ, რომ ადამიანებს უნიკალური სექსუალური გამოცდილებები მოუტანონ. ისინი პოპულარულ კულტურაში ზედმეტად სექსუალიზებული არიან. შესაბამისად, ხშირად მხოლოდ სექსუალურ კონტექსტში განიხილებიან.

https://www.flickr.com/photos/ryteclick/

მითი #4: ისინი 50/50-ზე არიან

ხშირად ბისექსუალებს ეკითხებიან რამდენი პროცენტით არიან ლესბოსელები/გეები და რამდენი პროცენტით – არა. ეს დამოკიდებულება მიუთითებს იმ გავრცელებულ იდეაზე, რომ ბისექსუალები არიან ნახევრად რაღაც და ნახევრად რაღაც და არა 100%-ით ბისექსუალები. ზოგიერთ ადამიანს უფრო მეტად იზიდავს ქალები, კაცები, არაბინარული ადამიანები, რაც ინდივიდუალური საკითხია და არა სექსუალური ორიენტაციის ნაწილი. 

მითი #5: თუ ბისექსუალი სხვა გენდერის ადამიანს ხვდება, ის თემის წევრი არაა

ბევრს სჯერა, რომ თუ ბისექსუალი ხვდება მისგან განსხვავებული გენდერის ადამიანს, ის უბრალოდ ჰეტეროა. ბისექსუალობა, როგორც იდენტობა, მხოლოდ პაემნებზე არ დაიყვანება. არ აქვს მნიშვნელობა თუ ვის ხვდები, ან საერთოდ არ ხვდები, შენი სექსუალობა ვალიდურია. 

მითი #6: ბისექსუალობა იგივეა რაც პანსექსუალობა

მსგავსება ნამდვილად არსებობს: პანსექსუალი, ისევე როგორც ბისექსუალი, შეიძლება ხვდებოდეს საკუთარი ან სხვა გენდერის ადამიანს, თუმცა ძირეული განსხვავება რაც ამ ორს შორისაა ისაა, რომ პანსექსუალისთვის გენდერი არ არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ რომელიმე ადამიანს ხვდებოდეს. თუმცა, ბისექსუალი ორ ან მეტ გენდერს შორის აკეთებს არჩევანს. 

მითი: #7 ბისექსუალების შემთხვევაში იზრდება ალბათობა, რომ უფრო მეტი სგგი ჰქონდეს

ალბათობა იმისა, რომ რომელიმე ადამიანს სქესობრივი გზი გადამდები ინფექციები (სგგი) ჰქონდეს დამოკიდებულია არა სექსუალურ ორიენტაციაზე, არამედ უსაფრთხო სექსზე: იყენებთ თუ არა პრეზერვატივებს ან ლუბრიკანტებს (რომელთა მიღება “თანასწორობის მოძრაობაშია” შესაძლებელი). ამიტომ სექსუალურ ორიენტაციასთან კავშირი არ აქვს სგგი-ების გავრცელებას. 

credit: m sew/flickr. ლგბტ დროშები ვანკუვერის პრაიდზე

მითი #8: ბისექსუალები სრულად ინტეგრირებული არიან გეი და ლესბოსელ თემში

ბისექსუალები არიან ქვიარ თემის ნაწილი. სამწუხაროდ, გეი და ლესბოსელ თემშიც კი არის ბისექსუალების მიმართ გავრცელებული მცდარი შეხედულებები და ბიფობია. ჰეტეროსექსუალები ხშირად მიიჩნევენ ბისექსუალებს როგორც “დაბნეულებს”, ზოგიერთი გეი და ლესბოსელი არ მიიჩნევენ ბისექსუალობას რეალურ სექსუალურ ორიენტაციად სტიგმის გამო.

მითი #9: ყველა ისედაც ბისექსუალია

სრულიად შესაძლებელია და ხშირად ხდება, რომ ადამიანს სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც ჰქონდეს საკუთარი გენდერის ადამიანთან სექსი ან მიზიდულობა იგრძნოს. ეს დაშვება ასაზრდოებს მიზიდულობისა და სექსუალური ორიენტაციის როგორც იდენტობის ერთმანეთში არევას. ბევრი ადამიანისთვის ამგვარი გრძნობები დროთა განმავლობაში იცვლება ისე, რომ არც კი დაეჭვდეს ადამიანი საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში. 

მითი #10: ბისექსუალები ლგბტ მოძრაობის მოღალატეები არიან, ცხოვრობენ როგორც ჰეტეროსექსუალები, რათა უარი არ თქვან პრივილეგიებზე

ნამდვილად იქნებიან ისეთი ბისექსუალები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციებში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად ამბობენ, რომ ჰეტეროსექსუალები არიან, ან არ საუბრობენ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე. თუმცა, ასევე შეიძლება იქცეოდეს გეებისა და ლესბოსელების ნაწილი, რომლებიც საჯაროდ არ საუბრობს თავიანთ სექსუალურ ორიენტაციაზე. საკუთარი იდენტობის დამალვა ისეთივე მტკივნეული შეიძლება იყოს ბისექსუალებისთვის, როგორც გეებისა და ლესბოსელი ადამიანებისთვის.