საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვიარ არტისტმა ანდრო დადიანმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 24 საათიანი პერფორმანსი “დამოუკიდებლობის მემორიალი” დადგა.
პერფორმანსი, რომლის კონცეფციაა, ”დამოუკიდებლობა თავისუფლების ერთგვარი შესავალია”, დამოუკიდებლობის მისეული გააზრების მცდელობაა.
პერფორმერი თითქმის თავისი ხნის, თავისუფლების ზღურბლთან მდგომ საქართველოზე საუბრობს; ოკუპირებულ, დანაწევრებულ სახელმწიფო კონცეფციაზე, მენტალობაზე, საზოგადოებაზე და ტერიტორიებზე რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მომავალს.
24 საათის მანძილზე პერფორმერი ქვეყნის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ტრავმებს საკუთარ სხეულზე გაიმეორა და ამ ფორმით გამოხატა თავისი დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობაზე.
ანდრო დადიანი მიიჩნევს, რომ 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა, პოსტსაომარი, მაროდიორული ცხოვრებით ცხოვრობს ქვეყანა.
“წარმატება ნაცნობების გარეშე წარმოუდგენელია, სიძლიერე სხვისი ჩაგვრით მტკიცდება და არა საკუთარ შესაძლებობათა ზრდით, არანაირი სინატიფე აღარ შერჩა ჩვენს ცხოვრებას. პოლიტიკური სუბიექტები, მედია და თითქმის ყველაფერი ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს; ჩანაწერების გამოქვეყნება, შანტაჟი, ძალადობა, პოლიციური ტერორი, კორუფცია, საგანმანათლებლო სისტემის არარსებობა და ა.შ. ამიტომ მიწერია კონცეფციაში, რომ 30 წელია დამოუკიდებლობას ვტკეპნით. იმდენი ფუჭი ავტორიტეტი, ძეგლები და ხატებია ჩვენს საზოგადოებაში და მათზე მიჯაჭვულობა, ვერგანთავისუფლება ისე სასჯელად ევლინება ჩვენს თაობებს, რომ მგონი დღეს ჩვენი სულიერი ცხოვრება უფრო უკანაც კი არის, ვიდრე 1991 წლის 9 აპრილს ხელმოწერილი დამოუკიდებლობის აქტი”, – ამბობს ანდრო დადიანი.
პერფორმანსში სუფრა გამოყენებულია როგორც დამახინჯებული ტრადიციის სიმბოლო, რომელიც ფარავს რეალურ პრობლემებს და ის უფრო კრებითი სახეა.
“სუფრა ჩვენი ტრადიციისა და მენტალობის ფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო სიმბოლოა, ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები სხდებოდნენ და მსჯელობდნენ. მსჯელობა კი იმთავითვე უშვებს, რომ იგი აუცილებლად აზრთა მრავალფეროვნებას გულისხმობს და იქ ალბათ ნამდვილად იზრდებოდა ადამიანი. დღეს კი ვხედავთ, რა დაემართა ამ ტრადიციას, როგორ გაქვავდა და მისი გაშეშებული სხეულით ხერგავს მომავალს.რეალურად სიტყვა ტრადიცია გაირყვნა და ამ სიტყვით ვაჭრობენ და როგორც იარაღით ჩვენზე, უმცირესობებზე ძალადობს უმრავლესობა, მაშინ როცა შეიძლებოდა ის ერთად გაგვევითარებინა, დახვეწილიყო და გაზრდილიყო მათი როლი ჩვენს ცხვორებაში”, – ამბობს ანდრო დადიანი.