სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფკავშირი ქვიარ თემს მხარდაჭერას უცხადებს


ლგბტ დროშა ფოტო: flickr/https://quotecatalog.com/quotes/inspirational/

სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ეხმიანება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის 17 მაისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და განცხადებას ავრცელებს:

“ჩვენ სოციალური მუშაკები კარგად ვიაზრებთ ჩაგვრის ინტერსექციულობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ ნიშანს/იდენტობას არ ეფუძნება და ვიცით, რომ ბრძოლის ველს განვრცობა და ჰოლისტური ხედვა სჭირდება.

ვთვლით, რომ ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება თუ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც პრობლემურ საკითხებს ხილვადს გახდის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა შეცვალონ პოლიტიკა, შეცვალონ კანონი და მრავალი ინსტიტუტისა თუ მომსახურების მოწყობის წესი ისე, რომ უპასუხოს ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

ჩვენ ჩვენი ყოველდღიური ხშირი პრაქტიკიდან ვიცით, რას ნიშნავს იყო უსახლკარო, უპერსპექტივო და ჩაგრული ადამიანი და ასევე ვიცით, რას ნიშნავს იყო უსახლკარო ტრანსგენდერი ადამიანი, რომელსაც საქმე საქმეზე რომ მიდგეს თავშესაფარშიც ვერ მოათავსებ, ვინაიდან „ვერ გაურკვევიათ“ სად არის მისი ადგილი კაცებთან თუ ქალებთან? ვიცით რას ნიშნავს, როდესაც ჰომოფობიური ნიშნით ძალადობენ მშობლები შვილებზე და შემდგომ ეს ბავშვები დაუსრულებლად იცვლიან ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებს, ვინაიდან არც მიმღები მშობელი, არც სერვისპროვაიდერი არ არის სათანადო ცოდნით, მეთოდოლოგიით და ღირებულებებით აღჭურვილი, რომელიც სწორად უპასუხებს ჰომოფობიური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საჭიროებებს. ვიცით, რას ნიშნავს ჰომოფობიური ბულინგით გატანჯული ბავშვების ყოველდღიური მძიმე ყოფა, რომელსაც ვერაფრით ეხმარები, რადგან გარემო გაჯერებულია სტერეოტიპული განწყობებით.

ჩვენ ვთვლით, რომ ყველა სოციალური პრობლემა იქნება ეს უსახლკარობა, უმუშევრობა თუ ძალადობა ასმაგად მწვავედ დგება თუკი ამ პრობლემის წინაშე მყოფი ადამიანი ლგბტქი თემის წევრია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ლგბტქი ადამიანების ბრძოლას თანასწორობისთვის და ღირსეული ცხოვრებისთვის და მზად ვართ ჩვენი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმაროთ საჭიროების შემთხვევაში.”

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. 2013 წლის შემდეგ ქვიარ თემს მოკლებულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას. 2014 წლიდან საპატრიარქომ დააწესა ოჯახის სიმტკიცის დღე, რომლის დროსაც იმართება მსვლელობა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე. ამ მეთოდით საპატრიარქომ, რომლის მღვდლები მეთაურობდნენ 2013 წლის ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღის აქციის დარბევას, დაისაკუთრა საჯარო სივრცე.