“ილგა ევროპის” მიხედვით, ლგბტქ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. ქვეყანაში ისევ მწვავედ დგას მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა გამოსწორებისთვის ორგანიზაციას რეკომენდაციები აქვს.
2019 წლის მაისში გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით, 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოს ქულა 100-დან 30 ქულითაა შეფასებული. ინდექსის მიხედვით, რაც უფრო მაღალია ქულა, მით უკეთესია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
2017 წელს ამავე რეიტინგის მიხედვით, საქართველოს 26 ქულა ჰქონდა. 2016 წელს კი – 30.
2019 წელს ილგა ევროპის რეკომენდაციები საქართველოს მიმართ:
- შეიქმნას ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე საკანონმდებლო ჩარჩო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის, რომელიც დაეფუძნება თვითაღიარებას და თავისუფალი იქნება ძალადობრივი მოთხოვნებისგან (სტერილიზაცია, სამედიცინო დიაგნოზი, ქირურგიული/სამედიცინო ჩარევა ან ასაკობრივი შეზღუდვები)
- შემოიღოს პოლიტიკა, რომელიც შეებრძოლება სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და სქესის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულობებს.
- გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დასაცავად მიიღოს ადეკვატური ზომები და შეამციროს წინაღობები.
ანგარიშში აღნიშნულია, “ქართული ოცნების” წევრი პარლამენტარის კობა ლურსმანაშვილის ჰომოფობიური განცხადება, რომ ლგბტ ადამიანები არღვევენ საზოგადოების ინტერესს. ასევე, განხილულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბესიკ დანელიასთვის 1 ლარად დაჯარიმების საკითხი, როდესაც მან ლევან ბერიანიძეს გადაცემაში ჰომოფობიური რეპლიკით მიმართა.
ანგარიშში შესულია თანასწორობის მოძრაობის მიერ აღნუსხული, ძალადობისა და თავდასხმის 20 შემთხვევა 2018 წელს და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 16,4%-ს განუცდია ძალადობა სკოლაში.
2018 წლის დეკემბერში საკონსტიტუციო ცვლილების ძალაში შესვლა, რომლითაც ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირად განისაზღვრა, ასევე, ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გაუქმება 17 მაისს და გურამ კაშიას მხარდასაჭერ მატჩზე დასწრებისას პოლიციის მხრიდან ლგბტ აქტივისტების შეზღუდვა, აისახა ილგა ევროპის ანგარიშში.
დეტალურად საქართველოს შესახებ ანგარიში იხილეთ: https://bit.ly/2Ysx0no