დისკრიმინაციის საქმეებზე სახალხო დამცველის მანდატი კერძო პირებზეც გავრცელდება


ლგბტ დროშა, აივი

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 3 მაისს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, მისი მანდატი დისკრიმინაციის საქმეებზე კერძო პირებზეც გავრცელდება.

აქამდე არსებული რედაქციით კერძო პირებს არ ევალებოდათ სახალხო დამცველისათვის საქმის გამოსაკვლევად აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, მისი რეკომენდაციის განხილვა და შედეგების შეტყობინება.

ახალი კანონით, კერძო პირებს ექნებათ სახალხო დამცველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში, მისი განხილვისა და შედეგის სახალხო დამცველისათვის შეტყობინების ვალდებულება.

რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი კერძო პირი სანქციის სახით დაჯარიმდება. სახალხო დამცველს ექნება შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს სარჩელით კერძო პირების წინააღმდეგაც, თუ ისინი რეკომენდაციას არ გაიზიარებენ. მსგავსი შესაძლებლობა მანამდე მოქმედი კანონით მხოლოდ საჯარო სექტორის მიმართ არსებობდა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში სახალხო დამცველმა კერძო პირების მიმართ სულ 24 რეკომენდაცია გასცა, საიდანაც 16 რეკომენდაციაზე პასუხი საერთოდ არ მიუღია.