არაერთხელ გამიგია, რომ ზოგიერთი აქტივისტი თავს კულტურულ მემარცხენედ განსაზღვრავს. რას ნიშნავს ეს? ზოგადად კულტურული მემარცხენეობა გულისხმობს კულტურული ნიშნით ჩაგრული ჯგუფების მხარდაჭერას. ქალების, გეების, ლესბოსელების, ტრანსების, ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრა დიდწილად მათი კულტურული გაუფასურებით არის განპირობებული და, შესაბამისად, ჰომოფობიასთან, რასიზმსა და ქალთმოძულეობასთან ბრძოლაც ამ ჯგუფების კულტურული აღიარების მნიშვნელოვან განზომილებას ატარებს. ამის პარალელურად, პირობითად შეიძლება, გამოვყოთ ჯგუფი, რომელიც ცალსახად ეკონომიკური ნიშნით იჩაგრება – მუშათა კლასი (ფრეიზერი, …). ამ ჯგუფის გამოყოფა საქართველოში ცოტა რთულია, მაგრამ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ეკონომიკურად ჩაგრულია. ნახევარზე მეტი სიღატაკის ზღვარს მიღმაა, განათლებასა და ჯანდაცვაზე წვდომა შეზღუდულია, ხარისხიანი განათლების მიღება კი – თითქმის შეუძლებელი, მინიმალური ხელფასი 20 ლარით არის განსაზღვრული და დაუსაქმებლობა უდიდესი პრობლემაა. ეკონომიკური ნიშნით ჩაგრული უმრავლესობა შეიძლება, კლასიკური გაგებით არ მიეკუთვნებოდეს მუშათა კლასს; მაგალითად, ადამიანს შეიძლება, უმაღლესი განათლება ჰქონდეს ან ბინას ფლობდეს ქალაქის ცენტრში, თუმცა, უმუშევარი იყოს ან არასტაბილური შემოსავალი ჰქონდეს, რადგან სამუშაოს დაცვის არანაირი გარანტია არ აქვს. ამის პარალელურად კი ისინი, ვინც კულტურული ნიშნითაა მიუღებელი, ეკონომიკურადაც ირიყებიან. მაგალითად, ლესბოსელი ქალი ზოგადად ცუდი ეკონომიკური პირობების შემთხვევებში შეიძლება, ჰომოფობმა დამსაქმებელმა არ აიყვანოს სამსახურში, ან იმის გამო, რომ ქალია, სამუშაოზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდეს. ერთი სიტყვით, ძნელია, გამოვაცალკევოთ, რის გამო იჩაგრება კონკრეტულად ეთნიკური ან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, ვინაიდან როგორც ზოგადი ეკონომიკური სიტუაცია, ისე სხვადასხვა სახის სიძულვილი ერთდროულად მუშაობს მათ წინააღმდეგ.
მოკლედ რომ გითხრა, ძვირფასო მკითხველო, შენ ღარიბი ხარ! შეიძლება დიპლომიც გიდევს სახლში და რაღაცის მენეჯერობასაც მიაღწიე სამსახურში, მაგრამ მშობლებთან ცხოვრობ ან, ყოველ შემთხვევაში, ცალკე ბინის ქირაობის ფული ნამდვილად არ გაქვს და სხვებთან ერთად ინაწილებ. აუცილებლად გაქვს ვალი ან განვადება. თუ რამე გაგაჩნია ასევე ვალით, განვადებით ან მემკვიდრეობით მიიღე. და რასაც მიაღწიე, მხოლოდ ზეგანაკვეთური შრომით, ვალით, განვადებით, მემკვიდრეობით და ნაცნობობით.
თუ უმრავლესობა ეკონომიკურად ჩაგრულია და ნაწილი ამ ჩაგვრასთან ერთად საზოგადოების ზიზღისა და სამუშაო ბაზრიდან განდევნის სამიზნეა, მაინც, საიდან მოდიან კულტურული მემარცხენეები? ზოგი გზააბნეული მემარცხენე და კიდევ უფრო გზააბნეული მემარჯვენე მათ გამოჩენას პარტია “გირჩს” უკავშირებს. რაოდენ აბსურდულ და ნერვების მომშლელ ან საშიშ ძალადაც არ უნდა ჩანდეს ეს უკანასკნელი, მინდა დაგამშვიდოთ და თან გული გაგიხეთქოთ. საქართველოს პოლიტიკა 2000-იანებიდან მოყოლებული “გირჩია” და მეტი არაფერი. ეკონომიკური გადანაწილება და სოციალური სახელმწიფო უკვე 90-იანების დასაწყისიდან არ არსებობს და შესაბამისად, აგერ უკვე ორი თაობისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ, როგორ შეიძლება, ვითხოვდეთ ელემენტარულ მინიმალურ ანაზღაურებას, რატომ უნდა იყოს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტი, რატომ უნდა ვიხდიდეთ გადასახადებს ჩვენი შემოსავლის შესაბამისად და ა.შ. რეალურად არც წინა თაობებს ესმოდათ ეს ყველაფერი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ავტოკრატიულ საბჭოეთში აბსოლუტურად არაფრისთვის უბრძოლიათ და არც გაუფიქრიათ, რომ ის სახელმწიფო კაპიტალიზმი, რომელშიც ყველას თავისი საარსებო მინიმუმი და ამავ დროს ლამის კასტის დონეზე მინიჭებული პოზიცია ქონდა, რამენაირად შეიძლებოდა, შეცვლილიყო. ვაკელი ვაკელობდა და ვერელი ვერელობდა და სოფლელი სოფლელად რჩებოდა აი მაშინ, კარგ დროსაც. თუმცა, დღეს მდიდარსა და ღატაკს შორის განსხვავება არნახულ ნიშნულს აღწევს. საქართველოში ახლად გამოჩეკილი მომცრო საშუალო ფენის არსებობასაც კი თან მუდმივი არასტაბილურობის განცდა სდევს. ეს არასტაბილურობა დამსაქმებლის სრულ თავისუფლებაში გამოიხატება. რესურსები და სამუშაო ადგილები მცირეა, ქვეყანა – უკიდურესად ცენტრალიზებული, დასაქმება – ნეპოტისტური და, საბოლოოდ, ბიზნესმენის კეთილ ნებას მინდობილი. როგორ გინდა, თავი მშვიდად იგრძნო?
ამ პირობებში კი ყველაზე მეტად სხვადასხვა ნიშნით უკვე ჩაგრულ უმრავლესობაში გამორჩეული ჯგუფები ზარალდება. ქალი ნაკლებად სასურველი დასაქმებულია, რადგან თუ დამსაქმებლის მთავარი მიზანი მოგებაა, არც მისთვის დეკრეტულის გადახდა აწყობს და არც დეკრეტულის შემდგომ მისი უნარების განვითარება. ლესბოსელი, ტრანსგენდერი, გეი და ა.შ. ყველაზე სამართლიანი კანონმდებლობის პირობებშიც კი შეიძლება, გაირიყოს სამუშაო ბაზრიდან. თუ დამსაქმებელს არ უწევს ახსნა, რატომ არ აგიყვანა ან გაგათავისუფლა, თუ მას არ უჭერს ყელში შრომის ინსპექცია და პროფესიული კავშირები, რომლებიც არა მხოლოდ ფიზიკური სამუშაოს, არამედ სამუშაოზე დაწინაურების, ხელფასისა და გადამზადების უსაფრთხოებასაც გააკონტროლებს, არცერთ სცენარში გაბრწყინებული ივერიის დამსაქმებელი არ მოისურვებს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების თვითნებურად დანერგვას. დღეს ვინც ამ მექანიზმებს ნერგავს და, მაგალითად, ბიზნესში დასაქმებული ქალების სექსუალური შევიწროვებისგან დაცვას უზრუნველყოფს, ამას ქველმოქმედებად აღიქვამს და ევროპელ პარტნიორებს ეკეკლუცება გენდერულად სენსიტიური შიდა განაწესით. ბიზნესის ლოგიკა აქაც ხელუხლებელია: “შემოგვხედეთ, რა კარგები ვართ, ჩვენ ქალებს არ ვაუპატიურებთ სამსახურში, იმიტომ, რომ ასე უკეთ მუშაობენ”. თუ ვინმეს ბიზნესში მუშაობის გამოცდილება გაქვთ, გეცოდინებათ, თუ გინდა დამსაქმებლები დაარწმუნო კომპანიაში შრომითი უფლებების დაცვისთვის, აუცილებლად გაიგებ სამ ჯადოსნურ სიტყვას: “მე რა ხეირი?”
ისინი, ვინც ვერ დაამტკიცებენ, რომ ხეირი მოაქვთ, რომ უფრო იაფად, სწრაფად, უფრო მეტი მოგების მოტანა შეუძლიათ სხვისთვის, უბრალოდ ირიყებიან შრომითი ბაზრიდან; შესაბამისად, ყველანაირი მტკიცება, რომ გადასახადების შემცირება, მაგალითად, დამსაქმებლებს უფრო ჰუმანური შრომის პოლიტიკისკენ უბიძგებს, ყველანაირ ლოგიკას ან ისტორიულ და ემპირიულ მაგალითებს მოკლებულია.
ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობა ღარიბია და არ მიუწვდება ხელი განათლებაზე, ჯანდაცვაზე და ა.შ. გეების, ლესბოსელების, ტრანსების და ზოგადად “იმნაირების” უმრავლესობაც ღარიბ-ღატაკია. ამიტომაც რესტორნებში საკმაოდ გენდერულად არაკონფორმულები და ქალები გემსახურებიან. ეკონომიკურად წარმატებული ტრანსგენდერის ისტორია კი საერთოდ არ გვაქვს, იმიტომ რომ წარმატებას ვერ მიაღწევ, თუ შენი არსებობა გაბღენძილი ბიზნესმენის კეთილ ნებაზეა ჩამოკიდებული. წარმატების საიდუმლო მარტივია: თუ გინდა, რომ გამდიდრდე, მდიდარ ოჯახში უნდა დაიბადო. ხოლო თუ ოჯახის მოლოდინები რამე მიზეზის გამო ვერ გაამართლე, დიდი ალბათობით, სახლიდან გაგდებული გეი (თუნდაც გენიოსი) ვერ აღორძინდება, თავისით უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებს, უცებ საოცარ ბიზნესიდეას და მერე ამ იდეის დაფინანსების საშუალებებს ვერ იპოვის.
მაშინ რას ნიშნავს კულტურული ჩაგვრების წინააღმდეგ ბრძოლა, თუ შიმშილით სული უნდა ამომხდეს? სიმართლე რომ გითხრათ, ამაზე ლოგიკურ პასუხს ვერ ვპოულობ. მოდი, გეები არ დავხოცოთ, მოდი, ლესბოსელები სამსახურიდან არ გავაგდოთ ლესბოსელობის გამო, მოდი ქალებიც ვამუშავოთ თვეში ოც ლარად, თუმცა, ამის პარალელურად, მოდი, თუ რომელიმე მათგანი მოგებას რამე მიზეზით ვერ მოიტანს, ბაზრის თავისუფლების ფსალმუნის მიხედვით გავასამართლოთ. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელსაც არანაირი რეალური ბერკეტი არ აქვს, კულტურული მემარცხენეობის განსხეულებაა. ის იცავს დისკრიმინაციისგან სქესის, გენდერის, ორიენტაციის, ეთნიკური და ა.შ. ნიშნით, თუმცა სრულიად უგულებელყოფს მის საფუძველს – არარსებულ ქმედით შრომის კოდექსს, რომელიც დასაქმებულის და ჩაგრული უმრავლესობის მხარეს იდგება.
კულტურული მემარცხენეობა არარსებული, ჩვენი ყურადღების გასაფანტად და დასაბნევად მოგონილი ცნებაა. ჰომოფობიასა და ქალთმოძულეობას ყოველთვის აქვს ეკონომიკური განზომილება, რომელიც უბრალოდ მხოლოდ ამ ჯგუფების კულტურული გაუფასურებით და სიძულვილით არ იხსნება. და მაინც, როგორ არსებობენ დღემდე?
კულტურული მემარცხენეები აღიარებენ, რომ ეკონომიკური სიტუაცია მძიმეა, თუმცა მას 1. ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად მიიჩნევენ (სიღარიბე=სიზარმაცეს და მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, რომ არ გამუშავებენ, რადგან პოტენციური ზარალი ხარ დეკრეტულის გამო); 2. არ აღიარებენ, რომ არავინ არასდროს მხოლოდ საკუთარი კეთილი ნების გამო არ იქნება კეთილი და თანასწორუფლებიანობის დამცველი. რომ ადამიანებს თუ სახელმწიფო არ დაუწესებს მინიმალური ხელფასის განსაზღვრის ვალდებულებას, ისინი ყოველთვის ეცდებიან, გამუშაონ მეტად, ნაკლები დანაკარგებით, ნაკლები დასვენებით და უფრო და უფრო იაფად. მოგებაზე ორიენტირებული ეკონომიკის ინტერესი მოგებაა და არა ინდივიდუალური ადამიანების კეთილდღეობა ან თანასწორობისა და სამართლიანობის დაცვა. ეს ორი თითქოს ნაივური დაშვება არა მხოლოდ განათლებისა და ცოდნის ნაკლებობას, არამედ საშინელი აგიტაცია-პროპაგანდის შედეგიცაა. ამ ყველაფერს გვასწავლიან 2003 წლიდან არნახული ინტენსივობით და თან გაჯერებენ, რომ, აი, შენ თვითონ აღმოაჩინე ეს. დიახ, შენ თანამედროვე ადამიანი ხარ, რომელიც მიხვდა, რომ მისი ოჯახის სიღატაკე მშობლების მოუქნელობის, არასწორი ინვესტიციების, არასწორ დროს ცხოვრებისა და სიზარმაცის შედეგია. შენ კი თანამედროვე ადამიანი ხარ, ყველაფერი შეგიძლია, ახლა წახვალ, შეავსებ აპლიკაციას, იმუშავებ რომელიმე ჰიპერმარკეტში 400 ლარად თვეში, ამ 400-დან 200-ს ყოველ თვე გადაიხდი დანაკლისებში, იმიტომ, რომ ვერ თვლი კარგად (შენივე ბრალია!). სამაგიეროდ, მერე გახდები მენეჯერი და მერე მენეჯერზე უფრო მაგარი მენეჯერი და სუპერმარკეტების ქსელის დირექტორის მოადგილის მოახლე და დაწერ წიგნს შენს წარმატებაზე. მთავარია უბრალოდ მოინდომო, ჰო აი მოინდომო.