ავტორი: გიორგი მაისურაძე
„რუის-ურბნისი“ უკანასკნელი ათწლეულების ქართულ რიტორიკაში ისტორიულ-პოლიტიკურ სიმბოლოდაა დამკვიდრებული, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიისა და სასულიერო პირების თემატიკას ეხება. კერძოდ, როდესაც ამბობენ, „ახალი რუის-ურბნისია“ საჭირო, იგულისხმება, რომ ეკლესიაში ბევრი „უღირსი“ მღვდელმსახურია და საჭიროა მათგან ეკლესიის გაწმენდა. ამ „წმენდის“ სანიმუშოდ 1105 წელს (ზოგი ვერსიით, 1103 წელს) დავით აღმაშენებელის მიერ მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრება მიიჩნევა. დავითის ისტორიკოსი წერდა: „წმინდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს. (…) და თვით სახლით უფლისა და მღვდელთაგან გამოვიდოდა ყოველი უსჯულოებანი და ცოდვა…“ რუის-ურბნისის საეკლესიო კრება საქართველოს ისტორიაში პირველი და ყველაზე ფართომასშტაბიანი საეკლესიო წმენდა იყო, რომლის შედეგადაც მეფემ ყველა მისდამი არაერთგული და უღირსი („ქუაბ ავაზაკნი“) სასულიერო პირი განკვეთა და ეკლესია ფაქტობრივად მთლიანად საკუთარ ხელისუფლებას დაუქვემდებარა.
კრება დასრულდა საგანგებო დადგენილების მიღებით, რომელიც „რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერის“ სახელითაა ცნობილი და მის ავტორად არსენ იყალთოელი მიიჩნევა. ეს დოკუმენტი არა მხოლოდ ეკლესიისა თუ პოლიტიკური ისტორიისთვისაა მნიშვნელოვანი წყარო, არამედ პირველი ქართული ჰომოფობიური ნარატივიცაა, რომელიც უნიკალურ ცნობებს შეიცავს XII საუკუნის დასაწყისის საქართველოში ჰომოსექსუალური ქცევის გავრცელების მასშტაბების და მისდამი საეკლესიო-სამართლებრივი დამოკიდებულებისა თუ ზნეობრივი განსჯის შესახებ, რომელიც „ძეგლისწერაშია“ გამოთქმული.
რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილება სულ 19 მუხლისგან შედგება, რომელთაგან მოცულობით ყველაზე ვრცელი მე-18 მუხლი სწორედ მამაკაცთა შორის სქესობრივ კავშირს, ანუ „მამათმავლობას“ ეძღვნება: „მერმეცა ღმრთის მოძაგებულისა მის და ღმრთის განმამწარებელისა ცოდვათა უბილწესისა საძაგელებისა სოდომელთაისა, რომლისაი არა უწყით, თუ ვითარ შეეთვისა იგი უბადრუკსა ამა ნათესავსა (ანუ ქართველებს – გ.მ.) და სრულიად განაშორნა და უცხო-ყვნა ღმრთისაგან…“ როგორც უკვე ამ სიტყვებიდანაც ჩანს, XII საუკუნის დამდეგის საქართველოში „სოდომელთა ცოდვა“, ანუ „მამათმავლობა“ იმდენად გავრცელებულა საერო თუ სასულიერო პირებში, რომ „ძეგლისწერის“ ავტორი განგაშს ტეხს და ამ ცოდვას მძიმე დანაშაულებებს უთანაბრებს: „დაღათუ მრავალგზის ქმნილ არიან მრავალთა ნათესავთა მიერ მრავალნი და რიცხვისა მძლენი ცოდვანი, ვითარ-იგი მტერობანი, შურნი, სიძულილნი, კაცისკლვანი, მრუშებანი, ცრუფიცებანი და უკუანაისკნელი და თავი ყოველთა ბოროტთაი კერპთმსახურებაი და თაყუანისცემისა შეცვალებაი დამბადებელისაგან დაბადებულთა მიმართ, გარნა არცა ერთისა მათგანთათვის აღძრულ არს აღუძვრელი იგი, ვითარცა თვით იტყოდა აბრაჰამის მიმართ, ვითარმედ – ღაღადებაი სოდომისა და გომორისაი მოიწია ჩემდა და გარდამოვხედ ხილვად, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა არიან საქმენი მათნი, რომლისა შემდგომად იხილეთ, თუ რაი იქმნების და თუ ვითარ ნივთნი ესე სამსახუროდ კაცთათვის დაბადებულნი ღმრთისაგან წინაუკუმო ბუნებისა თვისისა შესცვალებენ ბუნებითსა ძალსა თვისსა და უცხოისა ცოდვისა აღსახოცელად უცხოსა მოიპოებენ მოქმედებასა…“
აღსანიშნავია, რომ „ძეგლისწერის“ ავტორი არსად იყენებს იმ დროს ქართულ ენაში უკვე არსებულ სიტყვა „მამათმავლობას“, არამედ საუბრობს სოდომსა და გომორაზე, „სოდომურ ცოდვაზე“, რომელიც, თუმცა შინაარსით „მამათმავლობის“ იდენტურია, მაგრამ ხარისხობრივად განსხვავებული: თუ მამათმავლობა სექსუალური ქცევის სახელია, სოდომი ცოდვის და, შესაბამისად, მოსალოდნელი სასჯელის ეკვივალენტია. ამ მცირე ნიუანსის გასაგებად თავად „სოდომის და გომორის“ სიმბოლური მნიშვნელობა დაგვეხმარება.
ქრისტიანობა „გვიანრომულ დეკადანსად“ წოდებულ ხანაში გაჩნდა, როდესაც რომის იმპერია პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების ზენიტში იმყოფებოდა, მისი შეძლებული მოსახლეობა კი ცხოვრების ერთადერთ საზრისს უსასრულო გართობასა და ხორციელ სიამოვნებაში ხედავდა. პირველი ქრისტიანები კი სწორედ იმ დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებზეც ეს რომაული სიკეთეები არ ვრცელდებოდა და, შესაბამისად, მტრულადაც იყვნენ განწყობილი რომაული ცხოვრების სტილის მიმართ. ეს მტრული განწყობა ქრისტიანულ ეთოსშიც აისახა, რომელშიც ხორციელმა ვნებებმა, მათ შორის ანტიკურ სამყაროში ფაქტობრივად ჩვეულებად ქცეულმა ჰომოსექსუალურმა ურთიერთობებმაც, ცოდვის, გარყვნილებისა და ამაოების კვალიფიკაცია შეიძინა. „რომაელთა მიმართ“ ეპისტოლეში პავლე მოციქული ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს სასირცხვილო და ბუნების საწინააღმდეგო ქმედებას უწოდებს, რომელიც ადამიანებს კერპთაყვანისმცემლობის გამო მიეზღოთ: „ამიტომ გადასცა ღმერთმა ისინი სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი საჭიროება და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ“ (1, 26-27). კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში კი ჩამოთვლის ადამიანთა კატეგორიებს, რომელთათვისაც ღვთის სასუფევლის კარი ჩაკეტილია: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1. 6, 9-10).
ჰომოსექსუალობის ცოდვად კანონიზაციისათვის საჭირო იყო უფრო ძლიერი რელიგიური სიმბოლოს შექმნა, რომელსაც კანონიკური საფუძველი თავად ბიბლიურ ტექსტში ექნებოდა. ასეთი აღმოჩნდა მოსეს პირველი წიგნის („დაბადების“) 19 თავში მოთხრობილი სოდომისა და გომორის ისტორია. ლოტს, რომელიც ცოლთან და ორ ქალიშვილთან ერთად ქალაქ სოდომში ცხოვრობდა, ღვთის გამოგზავნილი ორი ანგელოზი ესტუმრა. ლოტმა ისინი სახლში შეიპატიჟა, ფეხები დაბანა, დააპურა და როცა საწოლი გაუშალა სტუმრებს, მის სახლს სოდომის მკვიდრი მამაკაცები მიადგნენ. „დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ“ (19, 5). ძველი აღთქმის ებრაულ ორიგინალში, ისევე, როგორც ბერძნულ თარგმანში, სიტყვა „შეცნობა“ არა მხოლოდ შემეცნებით აქტს, არამედ სექსუალურ კავშირსაც ნიშნავს („ადამმა შეიცნო ევა“). ამდენად, სოდომელ მამაკაცთა სურვილი, რომ ლოტის სტუმრები „შეეცნოთ“, სექსუალურ შინაარსს გამოხატავდა. ლოტმა სცადა თანამოქალაქე მამაკაცების გადარწმუნება, რათა მათ თავი დაენებებინათ სტუმრებისათვის და სანაცვლოს საკუთარი ქალიშვილები შესთავაზა: „აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი“ (19, 8). მაგრამ სოდომელებმა ლოტის სახლს ალყა შემოარტყეს და ძალის გამოყენებით იმუქრებოდნენ. ამის შემდეგ ანგელოზებმა ლოტი და მისი ცოლ-შვილი ქალაქიდან გააპარეს, ხოლო ქალაქები, სოდომი და გომორა, მთელი მოსახლეობიანად, ღმერთმა გაანადგურა: „აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან. დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი“ (19, 24-25).
აღსანიშნავია, რომ თავად ბიბლიურ ტრადიციაში – როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაშიც – სოდომელთა ცოდვა არანაირ პირდაპირ კავშირში სექსუალური ქცევის ნაირსახეობასთან არაა გაიგივებული. წინასწარმეტყველ ეზეკიელთან ასე განმარტავს თავად ღმერთი სოდომელთა დანაშაულს: „აი, რა იყო სოდომის, შენი დის, დანაშაული: ამპარტავნობა, გაუმაძღრობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბსა და მათხოვარს კი ხელს არ აშველებდნენ. გადიდგულდნენ და სისაძაგლეს აკეთებდნენ ჩემ მიმართ. ამიტომაც დავღუპე ისინი, როცა ეს დავინახე“ (ეზეკიელი, 16, 49-50). როგორც ებრაულ (თალმუდის) ტრადიციაში, ასევე მათეს და ლუკას სახარებებში სოდომი და გომორა სტუმარ-მასპინძლობის წესის დარღვევის, უცხოს არმიღების სიმბოლოა („ხოლო თუ ვინმე არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენს თქვენს სიტყვებს, მაშინ სახლიდან ან ქალაქიდან დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფეხთაგან. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომის და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.“ – მათე 10, 14-15). მხოლოდ მოციქულ იუდას წერილში იძენს სოდომი და გომორა სექსუალურ შინაარსს: „როგორც სოდომი და გომორა და ირგვლივ ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითად არიან დადგენილი“ (იუდა 7).
„სოდომის ცოდვის“ გაიგივება სექსუალურ აღვირახსნილობასთან, შემდგომ კი კონკრეტულად ჰომოსექსუალობასთან, „ეკლესიის მამების“ თხზულებებიდან იღებს სათავეს. იოანე ოქროპირი (IV ს.) პავლე მოციქულის „რომაელთა მიმართ“ ეპისტოლეს კომენტარებში 1, 26-27-ის განმარტებისას ვრცლად საუბრობს „ბუნების საწინააღმდეგო“ სექსუალობის ფორმებზე და სწორედ აქ ავლებს პარალელს სოდომის განადგურების ბიბლიურ გადმოცემასთან. ოქროპირის აზრით, სოდომის განადგურების მიზეზი „ბუნების საწინააღმდეგო“ სექსუალური მიდრეკილებები იყო, როდესაც მამაკაცები ერთმანეთთან ისეთსავე სიამტკბილობას პოვებდნენ, როგორსაც ქალთან. V საუკუნის უდიდესი თეოლოგი ავგუსტინე ავრელიუსი პავლესეულ „ბუნების საწინააღმდეგოს“ (contra naturam) სოდომთან აიგივებს და ამბობს: „ბუნების წინააღმდეგ შემცოდველნი უნდა დაისაჯონ, როგორც სოდომელები“(„აღსარება“ 3, 8). VI საუკუნეში კი აღმოსავლეთ რომის იმპერატორი იუსტინიანე, რომელიც „მამათმავლობის“ ბრალდებით ეკლესიის პირველ წმენდას აწყობს და ძირთადად მისდამი არალოიალურ ეპისკოპოსებს განდევნის, სამოქალაქო კანონთა კოდექსში ბიბლიური სოდომის ისტორიას უბრუნდება და მამაკაცთა შორის სექსუალურ პრაქტიკებს ღვთის რისხვის, ეპიდემიის, მიწისძვრებისა თუ შიმშილობის მიზეზად ასახელებს. ამ დროიდან მოყოლებული ჰომოსექსუალობა „სოდომური ცოდვის“ სახელს იმკვიდრებს, რომელიც ეკლესიის მხრიდან V-VI საუკუნეებში შედგენილი „დიდი სჯულისკანონით“ 15 წლით ზიარების შეწყვეტით იდევნება.
X და XI საუკუნეების ქართულ საეკლესიო ლიტერატურაში პირველად ჩნდება ტერმინი „მამათმავლობა“, რომლის შემქმნელი თუ არა, დღემდე შემონახულ ქართულ წერილობით ძეგლებში პირველი მომხსენიებელი მაინც, საეკლესიო მოღვაწე, „მცირე სჯულისკანონის“ ავტორი ექვთიმე მთაწმინდელია, რომლის თქმითაც, „რომელმან უშუერებაი იგი მამათმავლობისაი აჩუენოს, ჟამი იგი მემრუშეთა უშჯულოებისაი მისცეს მას სინანულად“. „მამათმავლობის“ მოხშირების გამო XI საუკუნის ქართული ეკლესია შეშფოთებას გამოთქვამს და მის ჩამდენთა მიმართ ზიარების შეჩერების 15-დან 18 წლამდე გაზრდას მოითხოვს.
რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერის სავარაუდო ავტორმა, არსენ იყალთოელმა, თარგმნა „დიდი სჯულისკანონი“ და ქართულ საეკლესიო სამართალში ტერმინი „სოდომის ცოდვა“ დაამკვიდრა, რომელიც მთლიანად „მამათმავლობასთანაა“ გაიგივებული. დიდ და მცირე სჯულისკანონებთან ერთად, „ძეგლისწერა“ მესამე, ყველაზე გავლენიან საეკლესიო სამართლის ძეგლად შეიქმნა და მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოში მომძლავრებულ სოდომის ცოდვასთან გამკლავება აღმოჩნდა.
რამდენადაც საეკლესიო სასჯელი (ზიარების შეჩერება) საკმარისი აღარ იყო, „ძეგლისწერის“ ავტორი მკითხველის უკეთ დასარწმუნებლად მსოფლიო ისტორიის თავისებურ ინტერპრეტაციასაც სთავაზობს, რომელშიც ფაქტობრივად ყველა ისტორიული კატასტროფა მთლიანად ჰომოსექსუალობის მიზეზითაა გამოწვეული. მისი აზრით, „ამან უსჯულოებამან“ დააქცია ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორებიც იყო ასურეთი და სპარსეთი, აგრეთვე ქრისტიანი მეზობელი სომხეთიც: „ამან ცოდვამან დიდი იგი და ყოვლით კერძო ყოვლისა ქუეყანისაით ხმაგანსმენილი ნათესავი სომეხთაი მეფობითურთ და მთავრობით მათით არა ოდენ დაამდაბლა და დაამხუა, არამედ სრულიად აღიღო კაცთაგან სახელი მათი…“ (ანუ 1045 წელს ბიზანტიის მიერ ანისის სომხური სამეფოს ლიკვიდაციის მიზეზი სომხეთში მამათმავლობის მომძლავრება ყოფილა). ამგვარად, სოდომური ცოდვის რანგში აღზევებული „მამათმავლობა“ პოლიტიკური თეოლოგიის საგნად იქცევა, რამდენადაც ის, როგორც ღვთის რისხვის მიზეზი, სახელმწიფოების ნგრევისა და განადგურების მიზეზიცაა. ეს პოლიტიკურ-თეოლოგიური დებულება დავით აღმაშენებლის ძალისხმევით დაფუძნების პროცესში მყოფი ერთიანი ქართული სამეფოს ფუნდამენტის შემადგენელი ნაწილი უნდა გამხდარიყო. აქედან გამომდინარე, გასაგები უნდა იყოს მე-18 მუხლის ბოლო მოწოდება:
„ამისათვისაც ვამცნებთ ყოველსა – დიდსა და მცირესა, მდიდარსა და გლახაკსა, მეფესა და მთავარსა, აზნაურსა და მდაბიორსა, მღდელთა და უმღდელოთა, მოწესეთა და ერისკაცთა, ბერთა და ჭაბუკთა და შუაკაცთა, ყოველსა პატივსა და ყოველსა წესსა და ყოველსა ჰასაკსა განყენებად ამის ვნებისა უფროისღა საძაგელისა ბილწებისა. და ესრეთ დაუმტკიცებთ სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა: ყოველმან სულმან ქრისტეანემან მართლმადიდებელმან ამათ სიტყუათა მსმენელმან, რომელმან შემდგომად ამის ძეგლისა წაკითხვისა არა იჯმნას ბილწისა მის სოდომურისა ცოდვისაგან და არა ხოლო საქმით ქმნისა მისისა, არამედ რეცა ლაღობით ფერებისა და სიტყვით თქუმისა რათაცა სამისოთა და მისთა დამსახველთა სიტყუათა და საქმეთაგან, უეჭუელად მოიწიოს მის ზედა ამას უკუე საწუთროსა საშინელი რაიმე და ცოცხლივ ჯოჯოხეთად შთამხდელი რისხვაი მსგავსად წუნწუბასა აღრეულისაი მის სოდომელთა ცეცხლისაი.“
რუის-ურბნისის კრების „ძეგლისწერის“ კომენტატორთა თუ მკვლევართა უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ XI-XII საუკუნეების საქართველოში ჰომოსექსუალობას „ეროვნული უბედურების“ მასშტაბებისთვის მიუღწევია. ზოგი მკვლევარი ამის მიზეზად თურქ-სელჩუკთა ბატონობას ასახელებს, რომლებსაც „ცხოვრების ამორალური ჩვეულებები“ გაუვრცელებიათ საქართველოში, თუმცა XIX საუკუნის ბოლოს გაჩენილი ასეთი მოსაზრება ახლადგაჩენილი ქართული ნაციონალიზმის ტენდენციებს უფრო გამოხატავს, ვიდრე ისტორიულ რეალობას, თუნდაც იმ მიზეზით, რომ „მამათმავლობის“ ეროვნულ პრობლემად თემატიზაცია მთელი საუკუნით წინ უსწრებს საქართველოში თურქ-სელჩუკების გამოჩენას. თავად ამ ტენდენციის მიზანი კი არა იმდენად ჰომოსექსუალობის ქრისტიანულ მორალთან შეუთავსებლობაა, რამდენადაც მისი ერთგვარი გაუცხოება. ის აღიარებს საქართველოში ჰომოსექსუალური ურთიერთობების ფაქტების არსებობას, მაგრამ ამასთანავე ხაზს უსვამს მის არაქართულ, ქართველისათვის უცხო, არასაკადრის ბუნებასა და ხასიათს. ამ წარმოდგენის თანახმად, ჰომოსექსუალობა არაქართული წარმომავლობისაა და ყოველთვის გარედან, უცხოეთიდანაა შემოგდებული. ხოლო ჰომოსექსუალობის ასეთი „ინვესტორები“ ძირითადად საქართველოს მტრები ან ეთნიკურად არაქართველები, ანუ „უცხოელები“ არიან. გაუცხოებით სექსუალობის ამ ფორმის ადგილი არალეგიტიმური ხდება კულტურულ ტრადიციაში, ანუ ჰომოსექსუალობა კი ყოველთვის იყო საქართველოში, მაგრამ ის „ქართული“ არ ყოფილა. ამიტომაც მას, როგორც არატრადიციულს, სწორედ ტრადიციის სახელით უნდა ვებრძოლოთ. რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა კი ამის საწინააღმდეგო სურათს გვიხატავს, რომლის მიხედვითაც მამაკაცთა შორის ჰომოსექსუალური ურთიერთობები საკმაოდ ფესვგადგმული ყოფილა როგორც საერო, ასევე სასულიერო სფეროში.
თუ ამ კუთხიდან შევხედავთ და მიზეზად დემოგრაფიულ პრობლემას დავინახავთ, მაშინ „რუის-ურბნისი“ ქართული ბიოპოლიტიკის პირველ ნიმუშადაც შეიძლება, იქნას მიჩნეული, როდესაც სახელმწიფო ამოცანად პირადი ცხოვრების რეგულაციებს ისახავს. თუმცა ასეთი ტიპის სახელმწიფო, თავად „პირადული სფეროს“ გაგებაც, ახალი, გონებაზე ორიენტირებული ეპოქის პროდუქტია და მისი წარმოდგენა შუა საუკუნეებში ისტორიულად გაუმართლებელია.
ისტორიულ რეალობასთან მიახლოებაში შეიძლება, თავად სოდომის და გომორის ალეგორია დაგვეხმაროს, რომლის გაიგივებაც ჰომოსექსუალობასთან იმ დროს ემთხვევა, როცა ქრისტიანობა რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგია ხდება, რამდენიმე წლის შემდეგ კი თავად „მარადიულ ქალაქად“ მიჩნეულ რომს გერმანელი ტომები იპყრობენ და აპარტახებენ. გვიანი ანტიკური ხანის კატასტროფებს ისედაც სამყაროს აღსასრულის და განკითხვის ჟამის მომლოდინე ქრისტიანებში სოდომის და გომორის განადგურების ბიბლიური ხატები უნდა გაეცოცხლებინა. რამდენადაც ჰომოსექსუალობის ცოდვად გამოცხადება უძველეს ქრისტიანულ წარმოდგენებში კერპთაყვანისმცემლობას უკავშირდება, შესაბამისად ჰომოსექსუალური ურთიერთობები, როგორც „ბუნების საწინააღმდეგო“ ქმედება, ღვთის ნების წინააღმდეგ სვლასაც ნიშნავს, რასაც ღვთისგან სასჯელიც უნდა მოჰყვებოდეს, როგორც ეს სოდომის და გომორის შემთხვევაშია ნაჩვენები. ამგვარად იქცა ჰომოსექსუალობა არა მხოლოდ ზნეობრივ თუ თეოლოგიურ, არამედ პოლიტიკურ პრობლემადაც, რამდენადაც მას ღმერთის განრისხება და ამის შედეგად მთელი სახელმწიფოს მოსპობა შეეძლო.
რუის-ურბნისის კრების პერიოდის საქართველოსაც, რომელიც უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე ჯერ მეზობელი სომხეთის სამეფოს გაქრობას, შემდეგ კი „დიდ თურქობად“ წოდებულ სელჩუკთა შემოსევებს მოესწრო და იმჟამადაც ნაწილობრივ მაინც თურქთა ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა, შიშითა და ძრწოლვით უნდა ეყურებინა საკუთარი აწმყოსა და მომავლისათვის და კატასტროფის თავიდან აცილებაზე წინასწარვე ეზრუნა. „ძეგლისწერის“ გზავნილიც ამ პოლიტიკურ-თეოლოგიური შიშით უნდა იყოს ნაკარნახევი.