CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იყო.
გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა მთლიანი პოპულაციის 32%-ს არ სმენია იმის შესახებ, რომ 2013 წელს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია დაარბიეს. 68%-ს ამის შესახებ სმენია.
იმ გამოკითხულთა 68%, რომლებსაც სმენიათ 2013 წლის 17 მაისის დარბევის შესახებ, მიიჩნევს, რომ ლგბტ აქტივისტების აქციის დარბევა კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან სიძულვილით მოტივირებულ დანაშაული იყო. 25% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 7%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 9%-ს მიაჩნია, რომ ქვიარ ადამიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ეზღუდება, 47%-მა ეს საკითხი პრობლემურად არ მიაჩნია, 17% კი მიიჩნევს, რომ ლგბტქ თემს პრობლემები არ აქვთ.
საინტერესოა ისიც, რომ იმ ადამიანების 50%-მა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 17 მაისის დარბევა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იყო, არ დაასახელა, რომ ლგბტ თემს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ეზღუდება. ამ გამოკითხულთა 21%-მა კი განაცხადა, რომ ლგბტ ადამიანებს პრობლემები არ აქვთ.
კვლევა, სახელწოდებით, “სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა” 2018 წლის აგვისტოში ჩატარდა, ევროსაბჭოს დაკვეთით. კვლევის მიზანია შეესწავლა საქართველოში უმცირესობათა და დაუცველი ჯგუფების უფლებები; დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევები და მათი გავლენა; დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საწინააღმდეგო კანონმდებლობა საქართველოში; სიტუაციის გამოსწორების არსებული მექანიზმები და მათი ეფექტიანობა; სხვადასხვა აქტორებისადმი დამოკიდებულება.
საქართველოს მასშტაბით გამოკითხეს 2 205 ადამიანი. რესპონდენტები 18 წელს ზევით ასაკის იყვნენ. საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 17 აგვისტოდან – 2 სექტემბრამდე. პირისპირ ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.