თანასწორობის მოძრაობამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთერთ სახელმძღვანელოში ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციული განმარტებების თაობაზე სახალხო დამცველს მიმართა.
სამედიცინო უნივრსიტეტში საგნის “სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართალი” სწავლებისთვის 2018 წლის შემოდგომის სემესტრში გამოიყენება სახელმძღვანელო სახელწოდებით “საექიმო სამართალი” (ავტორი ბესარიონ კილასონია). წიგნში გამოყენებულია ტერმინები “მამათმავლობა”, “ლესბიანობა”, “პედერასტია”, “აქტიური პედერასტი” “პასიური პედერასტი”, “გაუკუღმათებული სქესობრივი კაშირი”, რომლებიც ამყარებს სტერეოტიპებს, ხელს უწყობს და აქეზებს დისკრიმინაციულ მოპყრობას საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.
ლგბტ ადამიანები დღეს საქართველოში წარმოადგენენ ერთერთ ყველაზე მარგინალიზებულ და დაუცველ ჯგუფს, რომლის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ამის დასტურია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ინსტიტუტების ანგარიშები და კვლევები.
თანასწორობის მოძრაობას მიაჩნია, რომ სახელმძღვანელოში “სასამართლოს მედიცინა” გამოყენებული ტერმინები და დაფიქსირებული ინფორმაცია/მოსაზრებები ამყარებს სტერეოტიპებს და წარმოადგენს დისკრიმინაციის განხორციელების წახალისებას/წაქეზებას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.
მაგალითად, სახელმძღვანელოში მოცემული ციტატა:
საქართველოს სსკ 138-ე მუხლი ითვალისწინებს სასჯელს, როდესაც ადგილი აქვს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას, მამათმავლობას, ლესბიანობას ან სხვა სექსუალურ კონტაქტს გაუკუღმართებული ფორმით ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლი მსგავს შინაარს არ შეიცავს, სსკ 138-ე მუხლის დისპოზიცია ამჟამად გამოიყურება აბსოლუტურად განხვავებულად. ასევე, სახელმძღვანელოში კანონმდებლობის ციტირებასა და განმარტებისას არაერთხელ არის გამოყენებული ტერმინი “გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი”, რაც, ასევე, მოძველებულია და სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი ამ ტერმინს აღარ იყენებს.
ჩვენ სადაოდ მივიჩნიეთ, ასევე რამდენიმე ციტატა, სადაც ტრანსგენდერობა/ტრანსექსუალობა წარმოჩენილი როგორც დარღვევა, ავადმყოფობა. იგი დახასიათებულია ისეთი სიტყვებით როგორიცაა “თვითშეგნების დარღვევა”, “სადიზმი”, “პერვერსია”. ჩამოთვლილი ტერმინები არის ცალსახად უარყოფითი კონოტაციის მატარებელი და ეწევა ტრანსგენდერი/ტრანსექსუალი ადამიანების მარგინალიზებას.
ტრანსგენდერობა 1990 წლიდან 2018 წლამდე მიეკუთვნებოდა მენტალურ დაავადებათა სიას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორის კლასიფიკაციით (ICD-10), რომელსაც საქართველოც უერთდება. ხოლო 2018 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო ახალი კლასიფიკაცია (ICD-11), რომელშიც ტრანსგენდერობა ამოღებულია მენტალური დაავადებათა სიიდან და იგი გადატანილია სხვა კატეგორიაში, სადაც ტრანსგენდერობას განიხილავს, არა როგორც დაავადებას, არამედ გარემოებას, რომელიც პიროვნებისთვის იწვევს სტრესს საზოგადოებაში სტიგმისა და დისკრიმინაციის გამო. შესაბამისად, ტრანსგენდერობის/ტრანსექსუალობის სახელმძღვანელოში მოცემული განმარტება არის არასწორი და მოძველებული.
აღნიშნული სახელმძღვანელო წლებია ამ საგნის სწავლებისას მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებენ და იგი ძირითადი სახელმძღვანელოა.
თანასწორობის მოძრაობა მოელის, რომ “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის სავარაუდო ფაქტზე სახალხო დამცველი რეაგირებას მოახდენს.