სისხლის დონაციის დისკრიმინაციული აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასჩივრეს


სისხლის დონორობა. ფოტო: North Country Public Radio

დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს  დასაშვებობას სარჩელსა, რომელიც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას მსმ-ებისთვის (კაცები, რომლებსაც სექსი აქვთ კაცთან) სისხლის დონაციის აკრძალვას.

საკონსტიტუციო სარჩელით გაპროტესტებულია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ ქცევა) წარმოადგენს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის უფლების შეზღუდვის საფუძველს უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში.

მოსარჩელე მხარის, თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძისა და გამგეობის წევრის გოჩა გაბოძის არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები დაავადების შეძენის მაღალი რისკის შემცველი ქცევა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მათ შორის, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, სქესობრივი კავშირი ორ ან მეტ პარტნიორთან უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, სქესობრივი კონტაქტი პარტნიორთან, რომელსაც ადრე ჰქონდა სისხლის გზით გადამდები ინფექცია და სხვა.

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ამგვარი ქცევა შესაძლოა განხორციელდეს, როგორც მსმ პირების, ისე ჰეტეროსექსუალი პირების მიერ, თუმცა სადავო ნორმა სისხლის დონაციის უფლების შეზღუდვას 10 წლის ვადით დისკრიმინაციულად აწესებს მხოლოდ მსმ პირების მიმართ, ყველა სხვა შემთხვევაში კი დასახელებული უფლება იზღუდება 12 თვის ვადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.

საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, უანგარო დონაცია ქველმოქმედების, ადამიანური სოლიდარობის ერთერთი გამოვლინებაა და წარმოადგენს მათი ალტრუისტული ღირებულებების განხორციელების საშუალებასკონსტიტუციური სარჩელის თანახმადსაქართველოში არსებული ტექნოლოგიების პირობებშიც კი ე.წ. ფანჯრის პერიოდი, რომლის ფარგლებშიც დონორის სისხლში არსებული ვირუსის აღმოჩენა შეუძლებელია, წარმოადგენს ერთ წელს. შესაბამისად, მსმ ქცევის მქონე პირისათვის სისხლის დონორობის შეზღუდვის 10 წლიანი ვადა არის გაცილებით ხანგრძლივი პერიოდი, ვიდრე ეს მის სისხლში არსებული ამა თუ იმ ვირუსის აღმოსაჩენადაა აუცილებელი. აქედან გამომდინარე, მათი მოსაზრებით არაპროპორციულად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.