მოამზადა ლია დეკანაძემ, “მითების დეტექტორის ლაბორატორიის” ფარგლებში
რუსთაველის გამზირის ორ სხვადასხვა მხარეს ვდგავართ მე და ისინი. ხალხის მასა თანდათან გვიახლოვდება მუქარითა და ყიჟინით. ფაშიზმი იტალიაში დაიბადა მუსოლინის დროს და შემდეგ გერმანიაში გავრცელდა. მეშინია და ისტორიის კურსიდან ინფორმაციის მხოლოდ ეს პაწაწინა ნამცეცი მახსენდება. აქამდე მეგონა, რომ ეს ჯგუფები ჩემგან შორს იტალიასა და გერმანიაში ცხოვრობდნენ და აქ, რუსთაველზე ვერასდროს მომწვდებოდნენ. მაგრამ ახლა, როცა ასე ახლოს არიან ჩემთან, თავს დაუცველად ვგრძნობ. დაბნეული ვარ და ვერ ვხვდები რას აპროტესტებენ. თანდათან დაძაბულობა მატულობს. ვხედავ ზუსტად ჩვენი მიმართულებით ქვებს ისვრიან. მალე მამა მირეკავს. იცის, რომ აქციაზე ვარ, ეშინია ჩემ გამო და მთხოვს სახლში წავიდე. ის სამართალდამცავია და სწორედ მისგან ვისწავლე, რომ პროტესტის ძალადობრივი და აგრესიული ფორმებით გამოხატვა არასწორია. ამიტომაც უბრალოდ ვცეკვავ. ჩემთვის ვცეკვავ და თან გული მწყდება, რადგან ვხედავ, ქუჩის ორივე მხარეს ქართველები ვართ, ქართულად ვლაპარაკობთ და მაინც ვერ ვუგებთ ერთმანეთს, მაინც არ გვესმის ერთმანეთის სათქმელი.
იმ ღამეს სახლში შეშინებული დავბრუნდი. მეორე დღესვე დავიწყე ინფორმაციის მოძებნა საქართველოში არსებულ ექსტრემისტულ ჯგუფებზე. თემა, რომელიც აქამდე მეტად უცხო იყო, უეცრად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და იმდენად საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე „მითების დეტექტორის ლაბორატორიის” საკვირაო სკოლის საბოლოო ნაშრომიც ამ საკითხზე დამეწერა.
თავიდან არ ვიცოდი საიდან დამეწყო, მაგრამ ვიცოდი, რომ რაც შეიძლება მეტი მინდოდა გამეგო მათი საქმიანობის შესახებ. თავდაპირველად, მოვძებნე ულტრანაციონალისტური ფეისბუკ გვერდები, რომელთან რაოდენობაც არცთუ ისე მცირე აღმოჩნდა. გვერდები ერთმანეთთან ქსელურად იყო დაკავშირებული და გაოცებული გადავდიოდი ერთი მათგანიდან მეორეზე, სადაც პოსტების შინაარსი თითქმის ერთი და იგივეა.
ვინ არიან ეს ადამიანები და რა უნდათ? ეს კითხვები მუდმივად მიტრიალებდა თავში.
პასუხმაც არ დააყოვნა.
მაისში გამართულ “თეთრი ხმაურის” აქციებისა და მის კონტრაქციების შემდეგ ბევრი ულტრანაციონალისტური გვერდი (მაგ. “ქართული ძალა”) დარეპორტდა და წაიშალა, თუმცა კოორდინირებული მოქმედებით ისინი მალევე აღადგინეს. როგორც ხედავთ, ქართულ ულტრანაციონალისტურ ფეისბუკ ჯგუფებს საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს.
ე.წ ნაციონალისტური ჯგუფები ემხრობიან ნაციონალისტურ იდეოლოგიას და გამოირჩევიან ქსენოფობიური განწყობებით. ისინი იყენებენ პატრიოტულ რიტორიკას და გამოდიან პოპულისტური ლოზუნგებით. მათ დახურულ ჯგუფებში მრავლად ვხვდებოდი “თურქული ოკუპაციის” ქრონიკებს. თუმცა, იშვიათად ახსენებდნენ რუსულ ოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. თითქოს ტაბუ ადევს ამ თემას. 8 აგვისტოს სულ სხვა თემებზე ჰქონდათ ყურადღება გადატანილი მაშინ, როცა 12 აგვისტოს ყველა მათგანი დიდი ზეიმით აღნიშნავდა დიდგორობას.
- საქართველოში ერთერთი ძლიერი ნაციონალისტური ჯგუფია “ქართული ძალა”, რომელიც 2015 წლიდან ძირითადად ფეისბუქის საშუალებით ფუნქციონირებს. ჯგუფს ნულოვანი ტოლერანტობა აქვს განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ. 2016 წლის 29 მაისს ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ თბილისში არსებულ ვეგანურ კაფეს “კივი”.
- ამავე წლის 27 სექტემბერს მათ სოხუმის აღების დღესთან დაკავშირებით გამოსვლა დააანონსეს სოხუმის აღების გასაპროტესტებლად, თუმცა ეს გამოსვლა აღმაშენებლის გამზირზე თურქული რესტორნების დარბევით დასრულდა, რასაც შედეგად ჯგუფის რამდენიმე წევრის დაკავებაც კი მოჰყვა.
- “ქართული მარში” ანტილიბერალური, კონსერვატული და ულტრანაციონალისტური სახალხო ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წლის აპრილში დაარსდა. მოძრაობა იდეოლოგიურად ძალიან ჰგავს მის რუსულ ანალოგს “რუსული მარში”. 14 ივლისს დავით აღმაშენებლის გამზირზე ყველაზე ფართომასშტაბიანი ნაციონალისტური დემონსტრაცია გამართეს, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების დეპორტაცია და საიმიგრაციო კანონის გამკაცრება იყო.
- “Dinamo Tbilisi Ultras” კიდევ ერთი ულტრანაციონალისტური ჯგუფია, რომლის წევრებიც ფეხბურთის ირგვლივ გაერთიანებული ახალგაზრდები არიან. ისინი გამოირჩევიან ნაციონალისტური რიტორიკით და სხვა ჯგუფებთან ერთად მონაწილეობენ დემონსტრაციებში.
დემონსტრაციებისას ულტრანაციონალისტური ჯგუფები იყენებენ შუშხუნებსა და ნიღბებს. ისინი საკუთარი სახელით და გვარით ფეისბუქზე არ ჩნდებიან და მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი ვინაობის დამალვას. მიზეზებზე საუბრისას ერთერთმა მათგანმა მითხრა -“ზოგი ჯარშია, ზოგი დაცვაში და პრობლემები ექმნებათ”.
საქართველოში ყველაზე დიდი ფაშისტური ჯგუფი ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა “საქართველოს ეროვნული ერთობაა”, რომელიც 2016 წელს დაარსდა. ამჟამად ჯგუფის ლიდერია გიორგი ჭელიძე. ჯგუფების წევრები ძირითადად არიან ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ემხრობიან ფაშისტურ იდეოლოგიას, იყენებენ სამკლაურებს, ნაცისტურ მისალმებასა და მოწოდებებს. მოძრაობის წესდებაში აღნიშნულია ეთნიკური უმცირესობების პატივისცემა, თუმცა პრაქტიკაში ეთნოფაშისტური იდეოლოგიით ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან კონფლიქტების გაღვივებას ცდილობენ. მოძრაობა აქტიურად იყენებს ფეისბუკ სივრცეს პირდაპირი ჩართვებისთვის და მოძრაობასთან დაკავშირებული სიახლეების გაზიარებისთვის.
- 2017 წლის 21 აპრილს თბილისში ჩამოვიდა უნგრეთის ულტრამემარჯვენე პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი. “საქართველოს ეროვნული ერთობის” მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ და ღიად დაუჭირეს მხარი უნგრეთში მიღებულ კანონს, რომელიც გულისხმობდა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დახურვას. ეს უნივერსიტეტი სწორედ ჯორჯ სოროსის ფონდის მიერ იქნა დაარსებული.
წევრები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციებს და იყენებენ პროპაგანდის მრავალფეროვან საშუალებებს თავიანთი ანტიდასავლური ნარატივების გასავრცელებლად.
ულტრანაციონალისტური ჯგუფები ღიად არ ავლენენ რომელიმე პოლიტიკური პარტიისადმი მიკუთვნებულობას. ზოგიერთი მათგანი მაგ. ქართული იდეა და ქართული მარში თავად არიან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები. ჯგუფებში მუდმივად აკრიტიკებენ სახელისუფლებო და განსაკუთრებით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 2018 წელს საბერძნეთში ხატები აიდაჰოს აღნიშვნასთან დაკავშირებით, 17 მაის ლიბერალურმა ჯგუფებმა და ლგბტ აქტივისტებმა დააზიანეს, დეზინფორმაციაა. რეალურად 2018 წელს გავრცელებული ფოტო 8 წლის წინანდელია, ის პირველად ბერძნულ ფორუმებზე 2010 წელს გამოჩნდა და ანარქისტული ჯგუფების მიერ 2010 წლის აპრილში ხატების დაზიანებას ასახავს. ბერძენი ანარქისტული ჯგუფების მხრიდან იმავე ხატების ვანდალურ დაზიანებას 2015 წელსაც ჰქონდა ადგილი.