ნუ დამტოვებ კანონს მიღმა, თინა აგნუს


“მე ვარ მოქალაქე, რომელიც ცდილობს, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები. როგორც ჩემი ასევე სხვისი. მე, ჩემი ბავშვობიდან დაწყებული და გაგრძელებული დღევანდელ დღემდე, მყავს ადამიანები გვერდით, მეგობრები, ნაცნობები, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემა აქვთ. რომლებიც იჩაგრებიან ხშირად. რის გამო ხდება ეს?! იმის გამო, რომ ეს ადამიანი გაჩნდა ასეთი. მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მიუღებელია ადამიანი იყოს გენდერულად სხვანაირი, იყოს გეი, ლესბი ან ტრანსი და ასე შემდეგ. მე ვთვლი, რომ არავის არ აქვს უფლება ადამიანები დაჩაგრო ამ ნიშნის გამო. ჯერ მარტო, ჩემს მეგობრებს ვიცავდი, ხოლმე როდესაც დასცინოდნენ ან აუგად ისენიებდნენ.

იყო ადამიანი, რომელსაც ბევრი წლის წინად ვიცნობდი. ჯერ კიდევ 70-80-იან წლებში, რომელმაც მითხრა, რომ მე ვარ ქალი. ფიზიკურად არ იყო ქალი, მაგრამ ვარ ქალიო. თუ გინდა, რომ  მიგიღოს საზოგადოებამ, როგორიც ხარ, პირველი, უნდა მიგიღოს შენმა მშობლებმა, შენი ოჯახის წევრებმა, შენმა მეგობრებმა. სახლში არავინ არ იცოდა ამის შესახებ. ახლო მეგობრებმა ვიცოდით. მამა ყავდა სასტიკი, დედამ, დაახლოებით, რაღაც იცოდა და შვილს სულ ეუბნებოდა, რომ “მამაშენი მოგკლავს, მამაშენი მოგკლავს”. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანს მე პირველად ვუთხარი, რომ ამ ქვეყნიდან უნდა წახვიდე. სანამ მოკლავდნნენ წავიდა ამ ქვეყნიდან, დატოვა ეს ქვეყანა.

ძალიან ცუდია, როცა გარბიხარ, მაგრამ ვთვლი, რომ ადამიანი იმიტომ არ გაჩენილა, რომ იტანჯოს. თუ ადამიანს უყვარს, სიყვარულისთვის გაჩნდა და არა სატანჯველისთვის. არ შეიძლება ადამიანის დაჩაგვრა, მოკვლა და ბევრი სხვა რაღაცები აუკრძალო, თუ ის კანონის ფარგლებს არ სცდება.

მე მყავს ერთი გეი მეგობარი რომელიც, სულ ეძებს სამსახურს. სადაც მიდის, ჯერ ხომ თავიდან დატოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია, შემდეგ სულ უარს ეუბნებიან. ამას ვერ უმტკიცებ, მაგრამ არ გიღებენ, სამსახურში არ უყვათ, ტრანსები მით უმეტეს.

უნდა გამოფხიზლდნენ ადამიანები, როდესაც შენს გვერდით, შენს თვალწინ, შენს ახლობელთან, ხდება უსამართლობა, ნუ შეგეშინდება, ამოიღე ხმა. შენში უნდა იყოს, ან არის, ან არ არის. ზოგიერთი ადამიანი, საერთოდ, ხმას არ იღებს. მე, ალბათ, ასეთი ვარ ბუნებით. პროტესტი მიჩნდება უსამართლობის მიმართ.

მე ვთვლი, რომ  ორ ადამიანს როდესაც უყვარს ერთმანეთი, მათ უფლება აქვთ იცხოვრონ ერთად, ვინც არ უნდა იყონ ისინი. ადამიანი თავად წყვეტს, უყვარდეს, თუ არ უყვარდეს, იქორწინოს, თუ არ იქორწინოს. როცა ეს უფლებები ირღვევა, ადამიანის უფლებების იგნორირება ხდება. ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, ეს უნდა დამთავრდეს. რაც შეიძლება ადრე. მთავრობა უნდა უსმენდეს თავის მოქალაქეებს, ჩვენ იმიტომ ვირჩევთ, იმიტომ ვუდხით ხელფასებს, რომ მავნე კანონები კი არ მიიღონ და ჩვენს საწინააღმდეგოდ მომართული, არამედ ისეთი, რომ ჩვენ უფრო ლაღად ვიგრძნოთ თავი, უფრო კარგად, უფრო დაცული ვიყოთ. ეს არის ჩემი აზრი.

როგორ წარმომიდგენია, შავი რომაა გადაფარებული და რაღაცებს რომ იღებ, ხვრეტ, ხვრეტ, ხვრეტ და უცებ სხივები რომ შემოდის და რომ განათდება ყველაფერი, ეს უნდა მოხდეს. იმიტომ რომ ვაჟა ამბობს, “ჯანღმა დაფარა ქვეყანა”-ო, ახლა ეს არის, მაშინაც ეს იყო. პიროვნება უგულვებელყოფილი იყო ყოველთვის. მე ვამბობ, გაუმარჯოს ადამიანს! ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს და არა ტრადიციამ. ტრადიციებს ადამიანები იგონებენ”, – თინა აგნუს,