“2016 წლის 12 თებერვლის რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ ქრონიკული ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს შორის იყო 3 პაციენტი, რომლებიც განსაკუთრებით ცუდ პირობებში იყვნენ მოთავსებული. ეს 3 პაციენტი ეგრედ წოდებული “საქათმეებიდან” მოხვდნენ ამ განყოფილებაში. საქათმეებიდან, რომლებიც ჩვენ გვერგო მემკვიდრეობად საბჭოთა კავშირისგან, რომლებშიც ხვდებოდნენ არამხოლოდ ჰომოსექსუალები, არამედ ადამიანები, ვისი დისკრედიტაციაც სურდა ხელისუფლებას. ამ დაწესებულების ექიმმა, სახალხო დამცველის შენიშვნას ასე უპასუხა, რომ ისინი წარმოადგენენ განსაკუთრებულ კასტას, მათ ვერ მოათავსებდა სხვა პაციენტებთან, სადაც უკეთესი პირობები არსებობს. ეს ექიმი არ არის გამონაკლისი ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ასე ფიქრობს უმეტესობა. სამწუხაროდ, იგივე გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და სხვადასხვა სტრუქტურებისგან, რომლებმაც წესით, სულ სხვა ენაზე უნდა ელაპარაკონ ადამიანებს, მაგრამ მას სჭირდება ასეთი, კასტებად დაყოფილი საზოგადოება, რომელიც ადვილად სამართავია. როგორც გითხარით, ეს საქათმეები სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ მოეხდინა ადამიანების სტიგმატიზება, ადვილად გამოეყენებინა და დაეშინებინა პატიმრები, რომელთა თანამშრომლობას ითანხმებს ამ საშიშ განყოფილებაში მოთავსებით. მეორე მხრივ, ეს გულისხმობს აუტანელ პირობებს, რომელიც გაცილებით მძიმეა, ვიდრე შეიძლება ეს ჩვენს ციხეებში არსებობდეს. ციხე კი წარმოადგენს გარკვეულ მიკრო მოდელს საზოგადოებისაც და სახელმწიფოსი და ის კარგად აჩვენებს ზოგად მდგომარეობას, რა განვითარების დონეზეა ესა თუ ის ქვეყანა. ამგვარად, იერარქიზებული ციხე, რომელიც ძალადობაზეა დამყარებული, არის ასევე სახე ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი საზოგადოების, რომელსაც კვებავს სიძულვილი, სიძულვილი კი წაახალისებს აგრესიას, აგრესია კი ძალადობას. ნუ დადგები ძალადობის მხარეს!”, – თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე.