ერთი წელი ვიყავით ერთად. ჩემს პარტნიორთან ვცხოვრობდი და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი გეი წყვილი ვიყავით. ვუყვარდი, მჯეროდა, რომ ვუყვარდი. ჩემი სიყვარულიც გულწრფელი იყო მის მიმართ.
თითქმის ათი თვე იყო გასული რაც ერთად ვცხოვრობდით, როდესაც მის ტანსაცმელში, შემთხვევით, ორი კოლოფი ვიპოვე. ეს ორი კოლოფი აღმოჩნდა ის, რაც დღეს ჩემი ცხოვრების (სიცოცხლისა და არსებობის) განუყოფელი ნაწილია.
ამ აღმოჩენიდან რამდენიმე თვის შემდეგ მე და ჩემი პარტნიორი ერთმანეთს დავშორდით. საქართველოს ვტოვებდი და მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით გადავიმოწმე საკუთარი ჯანმრთელობა. ერთ-ერთ ორგანიზაციაში აივ ინფექციაზე სწრაფი ტესტიც გავიკეთე.
აივ სტატუსის გასაგებად, სწრაფი ტესტის დროს, დაახლოებით 15-20 წუთია საჭირო. ეს დრო ყოველთვის კონსულტანტთან ლაპარაკში გადიოდა და მშვიდად ვისმენდი ხოლმე საკუთარ აივ უარყოფით სტატუსს. ამჯერად, ეს ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა ყველაფერი ვიცოდი ამ დაავადების შესახებ, საკუთარი დიაგნოზის მოსმენა მაინც ძალიან მძიმე აღმოჩნდა.
პირველი რაც გავაკეთე, საკუთარ უკვე ყოფილ პარტნიორს შევხვდი და ბევრი ლაპარაკის შემდეგ, მისგან აღიარება მივიღე. აღიარა, რომ ჩემ გაცნობამდე კარგა ხნით ადრე იცოდა საკუთარი დიაგნოზი. თავიდან არ მკურნალობდა და მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის ბოლო ორ თვე იღებდა წამალს. სწორედ ის ორი კოლოფი აღმოჩნდა წამალი, რომელიც ჩემს პარტნიორს თავის დროზე რომ დაელია, დღეს მე აივ ინფექციით დაავადებული არ ვიქნებოდი.
კარგად მახსოვს, შიდსის ცენტრის პირქუშ საბჭოთა ნაგებობაში, რომელსაც ჰომოფობი ექიმები კიდევ უფრო შემზარავს ხდიან, ჩემი საბოლოო დიაგნოზი რომ მოვისმინე. პირველი კითხვა რაც მაშინ გამიჩნდა, ის კი არ იყო მოვკვდებოდი თუ არა, არამედ ის თუ ვინღა შემიყვარდებდა ამ დაავადებით.
ჩემი ყოფილი პარტნიორის მიმართ შურისძიების სურვილი მახრჩობდა. თავს საშინელი უსამართლობისა და უიღბლობის მსხვერპლად ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან გათვითცნობიერებული მქონდა, რომ გეი ვიყავი და აქტიური სექსუალური ცხოვრებას ვეწეოდი, ეს ურთიერთობა პირველი იყო, როდესაც დაუცველი სექსი მქონდა, რადგან საკუთარ პარტნიორს ვენდობოდი.
თითქმის ორი წელი გაგრძელდა ჩემი სასოწარკვეთა და შურისძიების დაუკებელი მოთხოვნილება. გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, თუ რა გზით შემეძლო იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა მომაყენა.
ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ვეჩვეოდი ჩემს ახალ ყოველდღიურ რუტინას. ტელეფონის მაღვიძარა მახსენდება წამლის დალევის დროს და მეც დაუყოვნებლივ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ორ უზარმაზარ აბს ვყლაპავდი.
ჩემი ჯანმრთელობა რამდენიმე თვის კონტროლის შედეგად სრულ მწყობრში ჩადგა. ყველა ანალიზი დამაკმაყოფილებელი და ვირუსული დატვირთვაც არაგანსაზღვრადი გახდა. შიდსის ცენტრის ექიმებიც სათითაოდ მამშვიდებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ორიენტაცია კარგად მოეხსენებოდათ, წარამარა მიმეორებდნენ, რომ ცოლის მოყვანა და ჯანმრთელი შვილის ყოლა შემეძლო.
დიაგნოზის გაგებიდან ერთი წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ასაკიდან ვიცოდი ყველაფერი შიდსის შესახებ,ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემ დღეში არაერთი ჩემი ახლო მეგობარი იქნებოდა. ჩვენ პრაქტიკულად ერთმანეთს ვაძლიერებდით. სხვა მეგობრები კი მამხნევებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ზედმეტად განვიცდიდი ჩემს დიაგნოზს.
ეს ყველაფერი ერთ საბედისწერო დღეს დასრულდა. სტატია წავიკითხე, რომ ადამიანს “ექსტაზის” ზემოქმედების ქვეშ სხვების პატიება შეეძლო. თავიდან გამეცინა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ კონდიციაში შევძელი იმის გააზრება, რომ გამუდმებით მსხვერპლის როლში ყოფნა და ჩემი ყოფილი პარტნიორისადმი შურისძიების დაუოკებელი სურვილი მე უფრო მაზარალებდა, ვიდრე ვინმე სხვას.
მე პატიება შევძელი!
ერთადერთი კთხვა, რომელიც ჩემი დიაგნოზის გაგებიდან ორი წლის თავზე ისევ მაწუხებდა ის იყო, თუ ვინღა შემიყვარდება. ვინ შეიყვარებდა ადამიანს, რომლის გულიც დაბინძურებულ სისხლს ტუმბავს და საქმე საქმეზე რომ მიდგეს ორგანოების დონორადაც კი არ ივარგებს.
2016 წელს ერთი ბიჭი გავიცანი. პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ ჩემი გრძნობების კონტეინირებას ვერ შევძლებდი და ან მე წამლეკავდნენ ან დანარჩენ სამყაროს, რომელშიც აქამდე ვცხოვრობდი.
ჩემი დიაგნოზის გაგებიდან ორი წელი იყო გასული. შეჩვეული ვიყავი საკუთარ მედიკამენტებს, ჩემი ექიმის შემზარავ პატარა ოთახსა და შიდსის ცენტრის პირქუშ დერეფნებს. თუმცა, მეშინოდა, როგორ უნდა მეთქვა ახლად გაცნობილი ადამიანისთვის საკუთარი დაავადების შესახებ. მეშინოდა, რომ უკან მოუხედავად გაიქცეოდა და არ ეყოფოდა იმის ცოდნა, რომ მკურნალობაზე მყოფი აივ დადებითი ადამიანი საფრთხეს არ წარმოადგენს.
შემოდგომა იყო. თბილისის ერთ-ერთი კაფის ეზოში ვისხედით:
- რაღაც მინდა გითხრა.
- რა?
- ოღონდ დამპირდი, რომ არავის ეტყვი.
- რა ხდება? რატომ მაშინებ?
- ძალიან მომწონხარ. შეიძლება ეს ემოცია მოწონებაზე მეტი არის. მაგრამ არ შემიძლია. არ შემიძლია ის გაგიკეთო, რაც მე გამიკეთეს.
- რა გაგიკეთეს? მითხარი.
- მე აივ დადებითი ვარ. თუ გინდა ახლავე ადექი და წადი, არ მეწყინება.
- მერე რა?!
მას შემდეგ ორი წელია მე და ჩემი ბოიფრენდი ერთად ვართ. რამდენიმე თვეში ერთმანეთს სიყვარულშიც გამოვუტყდით. ის არ არის აივ დადებითი, მაგრამ თითქმის იმ რეჟმით ცხოვრობს რითიც მე. ხან ჩემს ტელეფონზე დაყენებულ მაღვიძარაზე ადრე ახსენდება ხოლმე და მეკითხება დავლიე თუ არა წამალი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯანმრთელობა დღემდე ნორმაშია და ჩემი პარტნიორისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენ, ის ჩემი თხოვნით მაინც იღებს PrEP-ს. ასე უფრო მშვიდად ვარ.
დღეს ოთხი წელი გავიდა მას მერე, რაც საკუთარი აივ ინფექციის დიაგნოზი პირველად მოვისმინე. ოთხი წელია რაც ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს ვსვამ წამალს, რომლის გამოც კვირაში რამდენჯერმე ცუდ სიზმრებს ვხედავ (გვერდითი ეფექტია), მეხვევა თავბრუ (ესეც გვერდითი ეფექტია), თავს ვარიდებ კონფლიქტურ სიტუაციებს, რადგან ისე ვფეთქდები, რომ შეიძლება ყველას ვეჩხუბო გარშემო (ეს კიდევ უარესი გვერდითი ეფექტია). ექვს თვეში ერთხელ მივდივარ ჩემს ექიმთან, რომელსაც ფეხებზე კიდია ჩემი ჯანრმთელობა და, დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში ფიქრობს, რომ ვიმსახურებდი რაც დამემართა. ექვს თვეში ერთხელ ვისმენ მომავალი სემესტრის განაჩენს – ვიცოცხლებ თუ არა.
მაგრამ…
ყოველდღე სამსახურიდან ვბრუნდები სახლში და მხვდება ადამიანი. ადამიანი, რომელსაც ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ. ვუყვარვარ ჩემი დაბინძურებული სისხლით, სიზმრებითა და ხასიათით.
ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, ვსვამ წამალს, რომელიც ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გარანტიაა. გარანტია, რომელიც შიდსის ცენტრის კონფირმაციის გარეშე არაფრად ვარგა.