საქართველოში უამრავი სოციალური და ეკონომიკური პრობლემაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მეტ-ნაკლებად აზარალებს. რამდენიმე წელმა დამოუკიდებლობის მიღებიდან ვერ შეძლო ჩვენთვის დაენახებინა რამდენად მნიშვნელოვანია სიახლეებთან მუდმივი წვდომა და განსაკუთრებით, განათლების სფეროში არსებული გამოწვევებით დაინტერესება. სახელმწიფო ინდიფერენტულია საგანმანათლებლო სივრცეებში არსებული პრობლემების მიმართ, რამაც ძალადობა, სექსიზმი, დისკრიმინაცია, ინდოქტრინაცია და ა.შ ერთგვარ ნორმად აქცია. სიძულვილის ენის გამოყენება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთ-ერთია იმ პრობლემათაგან, რომელსაც საკმარისი ყურადღება არც უნივერსიტეტებისა, თუ სკოლების და არც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ექცევა.
მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რას ნიშნავს სიძულვილის ენა: სიძულვილის ენასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი ხედვა ან კონცეპტი, ის განსხვავებულად განიმარტება სხვადასხვა სახელმწიფოში. არსებობს ორი ყველაზე მეტად გავრცელებული მიდგომა: ევროპული და ამერიკული. ევროპის უმრავლეს ქვეყანაში სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი – პირიქით. თუმცა, ალბათ, მას უფრო მეტად განმარტავენ, როგორც ნეგატიურ შეფასებას რომელიმე სოციალური ჯგუფის მიმართ, რომელიც შეიძლება იყოს აგრესიული და სახიფათო.
სკოლის პერიოდში, როცა ვინმე ზედმეტსახელს მეძახდა მწყინდა, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი რომ თურმე დახმარება მასწავლებლისთვის უნდა მეთხოვა, მაგრამ არც ის ვიცოდი, რომ ამით ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. შემდგომში ზედმეტსახელების დაძახება ნაკლებად მიმზიდველი გახდა სკოლაში “მობულინგე” ბავშვებისთვის და ვხედავდი მათ დეგრადაციას სექსუალურ შევიწროვებამდე, გაჭორვამდე, აგრესიულ კომენტარებამდე… მაშინ ალბათ, მეხუთე ან მეექვსე კლასში ვიყავი და ახლაც კი არ მესმის, როგორ ახერხებდნენ მასწავლებელები და სკოლის დირექტორი არ დაენახათ ძალადობის ის ფაქტები, რომელსაც შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენოს ადამიანს. მშობელთა კრებებზეც ძირითადად ისეთ უმნიშვნელო თემებს განიხილავდნენ, როგორიცაა მორიგი ექსკურსია, მორიგ ეკლესიაში. ჩვენი მშობლების უმრავლესობა ვერ დაიკვეხნის მაღალი სამოქალაქო ცნობიერებითა და იმ საკითხებზე წვდომით, რაც მათი შვილების ტოლერანტ, ცვლილებების მომტან, თუ უბრალოდ კარგ ადამიანებად ჩამოყალიბებას სჭირდება.
მე მქონდა ბედნიერება მესწავლა ამერიკაში უმაღლეს სკოლაში, სადაც ვხედავდი როგორი განსხვავებული იყო ყველაფერი. ყველაზე მეტად თვალშისაცემი კი სწორედ ის იყო, თუ როგორ იყო წახალისებული ტოლერანტული და მეგობრული სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც ყველა განსხვავებული ადამიანი ერთნაირად ინტეგრირებულად და რაც მთავარია, დაცულად გრძნობდა თავს. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ მალევე ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, სადაც პირველივე დღეს საინფორმაციო შეხვედრაზე მივხვდი, რამდენად მარაზმატულ გარემოში ამოვყავი თავი. ამ დღეს ყველაზე მეტად მძაფრად აღვიქვი სიძულვილის ენის გავლენა სტუდენტებზე, რომელთა მისამართით წარმოთქმულმა დისკრიმინაციულმა, სექსისტურმა, ძალადობრივი მესიჯების შემცველმა და ერთგვარად ფაშისტურმა წინადადებებმა, ჩემი დადებითი განწყობა ერთიანად შეცვალა. სამწუხაროა, მაგრამ უნივერსიტეტის თანამშრომლების უმრავლესობას ძალადობრივი მესიჯების შემცველ კომენტარებზე, რომელიც ათწლეულების წინ ამ ფაკულტეტის დამაარსებლისგან მოდიოდი, რეაქცია არ ჰქონიათ.
საიდან იკვებება სიძულვილის ენა და რატომ არის მოსწავლეებსა და სტუდენტებში იგი ასე პრობლემური, ალბათ, არანაკლებ საინტერესო საკითხია. ვფიქრობ, სწორედ აქ ვაწყდებით ისეთ სიტუაციას, როდესაც ირაციონალური აგრესია და ნეგატიური დამოკიდებულებები სიტყვის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებასთან გაიგივებულია, რაზეც მოწმობს ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია მას დანაშაულად არ თვლის და შესაბამისად, მისი პრევენციისთვის არაფერი არ კეთდება. რეალობა კი მძიმეა, დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენ წვდომა გვაქვს საინფორმაციო საშუალებებთან, სოციალურ ქსელებთან, ბლოგებთან, ფორუმებთან და ა.შ სადაც ანონიმურად, თუ ხილულად ბევრი ადამიანი სიძულვილის ენის გამოყენებით შეურაცხყოფას აყენებს განსახვევებული სოციალური კუთვნილებისა და იდენტობის მქონე ადამიანებს. ამას გარდა, სიძულვილის ენის სატელევიზიო სივრცით დემონსტრირება, თამამად შეგვიძლია აღვიქვათ ერთგვარ წყაროდ იმ ტერმინოლოგიისა და მეთოდოლიგიისა, რომელსაც აწ უკვე გამოცდილი “მობულინგე” და მოძალადე ადამიანები, ამ შემთხვევაში სტუდენტ-მოსწავლეები და ლექტორ-მასწავლებლები იყენებენ სასწავლო სივრცეებში. სკოლისა და უნივერსიტეტის შემდეგ სახლში დაბრუნებულებს, ფაქტობრივად, არანაირი საქმე არ აქვთ გარდა ტელევიზორის ყურებისა, სადაც ისედაც უკვე მარგინალიზებული და ჩაგრული ჯგუფებისკენ დამცინავად ხელის გაშვერის გარდა არაფერი ხდება.
მიუხედავად მძიმე სურათისა, ვფიქრობ, არსებობს გამოსავალი სიძულვილის ენის დასაძლევად. იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც ბევრ აუცილებელ და მნიშვნელოვან სოციალურ სერვისს მოკლებულია და მაღალი ხარისხის განათლების არსებობის აუცილებლობას ამავე ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხოლოდ სიტყვიერად და არა ფაქტებით აღიარებს, ბევრი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობს სხვადასხვა მეთოდით მიიტანოს ახალგაზრდებამდე გარკვეული ტიპის ინფორმაცია. არაფორმალური განათლების მნიშვნელობის პოპულარიზაცია ყოველდღიურად იზრდება, რაც შესაძლოა ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღად იქცეს ჯანსაღი დამოკიდებულებების შესაქმნელად სიძულვილის ენასთან მიმართებით. ამას გარდა, მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით წამოწყებულმა კამპანიებმა პრობლემის აღმოფხვრამდე შეიძლება მიგვიყვანოს. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ორგიზაციების მერვე ფორუმზე განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთვის დასმულ კითხვაზე, თუ როდის აპირებს მისი სამინისტრო რეალურად დაიწყოს საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების კვლევა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა პასუხი ვერ მივიღე, მე მაინც მჯერა რომ არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, რომელთაც ხშირად, ქვეყნის სადაავეების მქონე პირებისგან განსხვავებით ზუსტად იციან თუ რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს კონკრეტული ადამიანური, თუ ფულადი რესურსი, მოიტანენ საჭირო და დადებით ცვლილებებს.
დავით ზივზივაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მე-2 კურსის სტუდენტი
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “თანასწორობის მოძრაობის” შეხედულებებს.