გაეროს ექსპერტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში საქართველოს ეწვევა


ვიქტორ მადრიგალი. ფოტო: twitter

გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საკითხებში საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტს “თანასწორობის მოძრაობამ” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ანგარიში გაუგზავნა.

დამოუკიდებელი ექსპერტი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა კომპეტენციაში შედის ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ სიძულვილისა და ძალადობის აღმოფხვრისთვის მუშაობა.

საქართველოში ჩამოსვლამდე მდგომარეობის მიმოხილვის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა “თანასწორობის მოძრაობამ” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” “ილგა ევროპასთან” ერთად, დამოუკიდებელ ექსპერტს ანგარიში გაუგზავნეს. ანგარიშში ყურადღება შემდეგ საკითხებზეა გამახვილებული:

  1. პოლიტიკური ნების არქონა, რომ ა) პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ლგბტქ თემის წევრების საჭიროებები სამოქმედო გეგმაში შეიტანოს; ბ) ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმაში ასახოს.
  2. ლგბტქ ადამიანებს ეზღუდებათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. იმის მიუხედავად, რომ გამოხატვის უფლება დაცულია კონსტიტუციით, ლგბტქ ადამიანებს ეზღუდებათ ეს უფლება ჰომოფობიურად და ქსენოფობიურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი ძალადობის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების საკითხს ლგბტ თემისთვის შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტად იყენებს.
  3. ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობა და კანონის არაეფექტური გამოყენება. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს, ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტური გამოძიება არ იწყება ხოლო თუ იწყება გამოძიება, არ იკვეთება დანაშაულის მოტივი და შესაბამისად დამნაშავე უფრო მკაცრად არ ისჯება.
  4. სიძულვილის ენა და პოლიტიკური ჰომოფობია კვლავ დიდ გამოწვევად რჩება საქართველოში. მედიის კვლევები აჩვენებს, რომ სიძულვილის ენას ლგბტქ ადამიანების მიმართ ხშირად გამოიყენებენ, მათ შორის პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრებიც მმართველი პარტიიდან.
  5. დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი ყველა სახის დისკრიმინაციის აკრძალვის თაობაზე, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ლგბტქ თემი ერთერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია, რომელიც განსხვავებულ მოპყრობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აწყდება. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აღნუსხა დისკრიმინაციის შემთხვევები სამუშაო ადგილებზე, განსაკუთრებით დაუცველი არიან ტრანს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გენდერის აღიარების იურიდიული ჩანაწერი პირადობის მოწმობებში.
  6. საკანონმდებლო ხარვეზები. ტრანსგენდერ ადამიანებს არ ეძლევათ გენდერის სამართლებრივი აღიარების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა რომ სამოქალაქო აქტების შესახებ კანონი ითვალისწინებს სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში. ტრანს ადამიანები იძულებული არიან მიმართონ არასასურველ, დაუსაბუთებელ, ძვირიან და სიცოცხლისთვის საზიანო პროცედურებს გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის. ლგბტქ ადამიანების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ იუსტიციის მინისტრს, რომ შექმნას სქესის სამართლებრივი დადასტურების მექანიზმი. მნიშვნელოვანია ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შემოღება,როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრა როგორც ქალისა და კაცის კავშირად. პრობლემაა, შიდსის ცენტრში პერსონალური ინფორმაციის გაცემა შემდეგნაირად: თუ კი მსმ (კაცი რომელსაც სექსი აქვს კაცთან) შიდსის ცენტრს მიმართავს, რომ მას ჰქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირი პარტნიორთან, თუ კი ეს პარტნიორი შიდსის ცენტრში აივის/შიდსის მატარებლადაა დარეგისტრირებული მის პირადი ინფორმაციას გასცემენ.
  7. ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე – 2015 წელს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ჯანდაცვის სისტემაში სპეციალისტებს ძალიან დაბალი ცოდნა აქვთ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებზე და ლგბტქ ადამიანების საჭიროებებზე. გენდერულ თანასწორობის საბჭომ მინისტრს ურჩია, რომ შეიტანოს ლგბტქ ადამიანების საჭიროებები ჯანდაცვის სახელმწიფო სტრატეგიაში. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი, იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ამ მიმართულებით.

„ველოდები, რომ თამარ ჩუგოშვილის დაპირებისამებრ, 2018 წლის ბოლომდე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდეს ლგბტ საკითხები. მოველი, რომ კანონმდებლობა დაიხვეწება გენდერის სამართლებრივი აღიარების კუთხით და შეკრების თავისუფლების უსაფრთხოდ უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდება. ექსპერტი მოისმენს, რა აბრკოლებს ხელისუფლებას რომ ეს ნაბიჯები გადადგას. ჩვენ ვერანაირ წინაღობას ვერ ვხედავთ, გარდა პოლიტიკური ნების არქონისა”, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ, “თანასწორობის მოძრაობის” სამართლის ოფიცერმა.

„უშუალოდ გვეძლევა შესაძლებლობა ექსპერტს არა მარტო ვაჩვენოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, არამედ რიგ საკითხებზე მივიღოთ მაღალპროფესიული რჩევები. ამიტომ, ანგარიშში მათ შორის გამოკვეთილია იმგვარი სისტემური პრობლემები, რასაც გენდერის სამართლებრივი აღიარებისა თუ ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის საკითხები წარმოადგენს. ხაზგასმულია მიმდინარე გამოწვევები, რაც ლგბტი ადამიანების მიმართ ინტიმური პარტნიორის მხრიდან და ოჯახში ძალადობას უკავშირდება. ჩვენი მოლოდინიც გაეროს წარმომადგენლის ვიზიტთან დაკავშირებით სწორედ ამ და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების გამოკვეთას, ექსპერტული ცოდნის გაზიარებასა და მგრძნობიარე საკითხებზე ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას უკავშირდება”, – ამბობს სალომე გურგენიძე, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” სამართლებრივი ექსპერტი.

“თანასწორობის მოძრაობისა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა”  და “ილგა ევროპის” ანგარიში დაეხმარება ვიქტორ მადრიგალს საქართველოში სტუმრობის დროს ისაუბროს პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრისას.

მადრიგალი შეხვედრებს გამართავს თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში, რათა უკეთ გაეცნოს ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სტუმრობის შემაჯამებელი პრესკონფერენცია თბილისში გაიმართება, სადაც დამოუკიდებელი ექსპერტი მიმოიხილავს ვიზიტის წინასწარ შედეგს, ხოლო 2019 წლის ივლისში გამოქვეყნდება ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები ხელისუფლებისადმი ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების აღმოსაფხვრელად.

ვიქტორ მადრიგალის სტუმრობის მიზანია გაიგოს, როგორ თანამშრომლობს ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

მადრიგალი სტუმრობის ყურადღებას მიაქცევს:

  • დისკრიმინაციისა და ძალადობის კონკრეტულ შემთხვევებს და მათზე რეაგირების შედეგს როგორ იყენებენ საქართველოში გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციასთან საბრძოლველად საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტებს
  • როგორ და რა მეთოდებით პასუხობს სახელმწიფო დისკრიმინაციას (საკონსტიტუციო, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო, ასევე ინტერსექტორული თანამშრომლობა ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ).
  • რა გამოწვევები და ჩავარდნები აქვს სახელმწიფოს ძალადობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლისას

ვიქტორ მადრიგალი გაეროს ადამიანების უფლებების საბჭომ 2017 წელს დანიშნა გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის საკითხებში. იგი მუშაობას 2018 წლის 1 იანვრიდან შეუდგა და ამ პოსტზე სამი წლის განმავლობაში იმუშავებს.

მადრიგალი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, აფასებს კანონის ეფექტურობას, ზრდის ცნობიერებას, მონაწილეობს ყველა ჩართულ მონაწილე მხარესთან დიალოგში და აძლევს მათ რჩევებს, უწევს ტექნიკურ დახმარებას, ზრდის შესაძლებლობებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე დისკრიმინაციის შესამცირებლად.

ვიქტორ მადრიგალი, კოსტა რიკელი იურისტი, ამავე დროს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს გენერალური მდივანია. იგი ხელმძღვანელობს ქსელს, რომელსაც 150-ზე მეტი რეაბილიტაციის ცენტრი აქვს.

ვიქტორ მადრიგალმა კოსტა რიკაში საერთაშორისო სამართლის ასოციაცია დააფუძნა, არის სამართლიანობის საერთაშორისო რესურსცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრი.