არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხი იუსტიციის მინისტრის ტრანსფობიურ განცხადებაზე


ტრანსგენდერი ადამიანების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მოძრაობები ვეხმიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ტრანსფობიურ განცხადებას. იმედის კვირასთან მიცემულ ინტერვიუში, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მან არ გაატარა რეფორმა, რომელიც უკავშირდება ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დოკუმენტაციის შესწორებას. მან თქვა: “მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად.” ტრანსგენდერი ადამიანიების პრობლემების ამ სიტყვებით ფორმულირება არის მათი შეურაცხყოფა, პოლიტიკური პოპულიზმი და ტრანსფობიულად განწყობილი ამომრჩევლის გულის მოგების იაფფასიანი მცდელობა.

შევახსენებთ იუსტიციის მინისტრს, რომ ლგბტ თემის მიმართ მოსახლეობის ცნობიერების და მგრძნობელობის ამაღლება სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა. ასევე სახელმწიფოს ვალდებულებაა მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არა ტრანსფობიის წახალისება. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დღეს ტრანსგენდერი ადამიანების გვერდით სახელმწიფო არ დგას. საქართველოს სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ აძლევს საზოგადოებაში ინტეგრირების შესაძლებლობას.

ასევე, შევახსენებთ იუსტიციის მინისტრს, რომ სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სქესის ჩანაწერის ცვლილებას და ამ კანონის ცვლილება საჭირო არ არის. იუსტიციის სამინისტროს ევალება დაადგინოს ზუსტი პროცედურა, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებს სამოქალაქო აქტების სააგენტო. ამჟამად მოქმედი პრაქტიკა აიძულებს ტრანსგენდერ ადამიანებს გაიკეთონ სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია და ამით მნიშვნელოვნად გაიუარესონ ჯანმრთელობა, რაც ეწინააღმდეგება ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტს. მოქმედი პრაქტიკით ირღვევა საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების პირადი ცხოვრების უფლება, რის გამოც სამმა მათგანმა უკვე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. თავის მხრივ, 2017 წლის 6 აპრილს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საფრანგეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაადგინა, რომ ტრანსგენდერი ადამიანისთვის დოკუმენტებში სქესის შეცვლა უნდა განხორციელდეს მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პირს ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა 2015 წელს სამოქალაქო აქტებში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის ჩანაწერის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურული წესის შემუშავების თაობაზე მიმართა იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა მითითებული ხარვეზის გასწორება, თუმცა იუსტიციის მინისტრმა აღნიშნული რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ თეა წულუკიანის ტრანსფობიურ განცხადებას და ვუერთდებით სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას იუსტიციის მინისტრის გადაყენების შესახებ. მოვითხოვთ, ხელისუფლებამ დანიშნოს ახალი იუსტიციის მინისტრი, რომელიც პატივს სცემს ყველა ადამიანის უფლებებს და მგრძნობიარეა როგორც ლგბტ ადამიანების, ასევე სხვა ჩაგრული ჯგუფების პრობლემების მიმართ.

თანასწორობის მოძრაობა
ქალთა მოძრაობა
საფარი
თანასწორობა 17
არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი
იდენტობა
ახალგაზრდა მწვანეები