ლგბტქ ადამიანთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ჰომოფობიური ძალადობის გაძლიერების ტენდენციას ეხმაურებიან


ლგბტ დროშა ფოტო: flickr/https://quotecatalog.com/quotes/inspirational/

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბოლო დღეებში ჰომოფობიური ძალადობის გაძლიერების ტენდენციას ვეხმიანებით და სახელმწიფოს ამ მიმართულებით პოლიტიკის არსებითი ცვლილებისკენ მოვუწოდებთ. 

2021 წლის 24 აპრილს, ღამით ქ. თბილისში ორ ახალგაზრდა ქალს სავარაუდო გენდერული და ჰომოფობიური მოტივით, თავს დაესხა ბინის გამქირავებელი მამაკაცი.  საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ ახალგაზრდა ქალები საკუთარ მობილურ ტელეფონში მუსიკას უსმენდნენ, რამაც ბინის გამქირავებლის მოულოდნელი  გაღიზიანება გამოიწვია და მამაკაცმა ორივე ახალგაზრდა ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ,   ორივე მათგანს რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, აგინებდა და მათი მისამართით გენდერული ნიშნით  დამამცირებელ სხვადასხვა გამოთქმას იყენებდა.  ადგილზე გამოძახებულმა პოლიციის თანამშრომლებმა სავარაუდო მოძალადის  მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი და იგი განარიდეს სავარაუდო მსხვერპლების საცხოვრებელ ადგილს, თუმცა არ დაუკავებიათ.   მომხდარის ირგვლივ დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ. ამ დროისათვის, საქმეზე ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები.

აღნიშნულ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, ქ. თბილისში ორი ახალგაზრდა ქალის მიმართ ჰომოფობიური მოტივით თავდასხმის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა. 20 აპრილსაც, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა. თავდამსხმელი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, იგინებოდა და იყენებდა ჰომოფობიურ და სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს. მოგვიანებით თავდამსხმელმა ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გაშალა და წყვილს ემუქრებოდა. აღნიშნულ შემთხვევაში, ბრალდებული წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის საფუძვლით დააკავეს, რადგანაც შემთხვევის ადგილზე გამოძახებული პოლიციის მისვლის შემდეგაც აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ბრალდებულებისთვის.[1] გამოძიებამ მას ასევე ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1 ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის 1 ნაწილით (მუქარა) და 284-ე მუხლის 1 ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა). თუმცა, 23 აპრილს სასამართლომ თავდამსხმელი კაცი 3000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.[2]

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ეს ორი შემთხვევა მიუთითებს, რომ ჰომოფობიური ძალადობა და მასთან ბრძოლა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ გატარდა მთელი რიგი პოზიტიური ღონისძიებები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების მონიტორინგისა და პოლიტიკის კოორდინირების მიზნით, სახელმწიფოს რეაგირება ამგვარი ძალადობის და მიუღებლობის პრაქტიკების მიმართ კვლავ ფრაგმენტული და სუსტად კოორდინირებული ჩანს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენცია პოლიციისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სუსტია ამგვარი ძალადობის მსხვერპლების მხარდაჭერის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები. სახელმწიფოს თითქმის არ აქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისთვის ბრალდებული პირების რესოციალიზაციისა და ტრანსფორმაციის ქმედითი პოლიტიკა. ლგბტი ადამიანების ნდობა პოლიციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ კვლავ დაბალია[3], რაც გარდა იმისა, რომ მიმდინარე რეფორმებს რეალური სოციალური გავლენის არ არსებობის პრობლემას აჩვენებს, ის ლგბტი ადამიანების ყოფის სიმძიმეს და ძალადობის მიმართ დაუცველობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

უფლებადაცვით ორგანიზაციებს არაერთხელ გაგვიჟღერებია უწყებათაშორისი და ყოვლისმომცველი პრევენციული პოლიტიკის აუცილებლობა, რომელიც სამართალდამცავი, სასჯელაღსრულების, განათლების, სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებებს თანადროულად მოიცავს და რელევანტურ უწყებებს შორის ქმედითი კოორდინაციის პირობებს შექმნის. ამგვარი ყოვლისმომცველი პრევენციული სამუშაოების გარეშე ცხადია, რომ ჰომოფობიასა თუ ნებისმიერ სხვა ძალადობრივ კულტურასთან დაპირისპირება ეფექტური შედეგის მომტანი ვერ იქნება.

სამწუხაროდ, სახელმწიფოს პოლიტიკა ჰომოფობიას და ტრანსფობიას, ისევე, როგორც გენდერულ უთანასწორობას, დღემდე არ იაზრებს სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემად, რის გამოც ჰომოფობიის წარმოჩენა ხდება მხოლოდ ინდივიდუალურ საკითხად, და შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ დასახულ მთავარ სტრატეგიად კვლავ მის ინდივიდუალურ გამოვლინებებზე შერჩევითი სადამსჯელო პასუხი რჩება.[4] მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში მთავარობამ ამოცანად დაისახა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის დაუშვებლობის, ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლება, გეგმით გათვალისწინებული საქმიანობები ამ დრომდე არ შესრულებულა.[5]

შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შემცირებაზე მიმართული პროაქტიული ინიციატივები, ფართო საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რომელიც სხვა ეფექტურ ნაბიჯებთან ერთად გრძელვადიანი შედეგის მომტანი იქნება და ადამიანებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს მისცემს.   

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლის განმავლობაში მესამე პირთა მხრიდან ჰომოფობიური ძალადობისა და თავდასხმის ტენდენციამ იკლო, ის არ ასახავს ლგბტქი ადამიანთა ყოველდღიურ რეალობას. მესამე პირთა მხრიდან თავდასხმის ტენდენციის კლება უნდა დავაკავშიროთ მეტწილად 2020 წლის პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან და ამ კრიზისის მართვისთვის მთავრობის მიერ შემოღებულ შეზღუდვებთან, რომელმაც ადამიანთა სოციალური და ფიზიკური კავშირები შეასუსტა, თუმცა ამით ძალადობისა და აგრესიის რისკები არ შემცირებულა.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ რელევანტურ უწყებებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას

  • ორივე საქმესთან დაკავშირებით, წარმართოს დროული და ეფექტიანი გამოძიება, და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომელიც უზრუნველყოფს რელევანტური მტკიცებულებების მოგროვებას სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირებისთვის, ასეთის არსებობის შეთხვევაში;
  • დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი დანაშაულის სავარაუდო მსხვერპლებს და მისცეს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა

საქართველოს მთავრობას

  • შეიმუშავოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირების პოლიტიკა, რომელიც ამ პროცესში თანადროულად დაინახავს სამართალდამცავი, სოციალური, პენიტენციალური და განათლების პოლიტიკის მიმართულებებს და რელევანტური უწყებების ქმედით და რეალურ კოორდინაციას დაეფუძნება;
  • უზრუნველყოს საზოგადოებაში არსებული ძალადობრივი და უთანასწორობის შემქმნელი წინასწარგანწყობების და კულტურის ცვლილებაზე მიმართული გრძელვადიანი საგანმანათლებლო და საინფორმაციო პოლიტიკის გატარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
  • ხელი შეუწყოს მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მოქნილი ფსიქო-სოციალური, ჯანდაცვისა და იურიდიული სერვისების განვითარებას, რომელიც მსხვერპლის ინდივიდუალურ საჭიროებებს გაითვალისწინებს და ადამიანის უფლებების მიდგომებზე იქნება დაფუძნებული.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • თანასწორობის მოძრაობა
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG
  • იდენტობა იუს
  • თბილისი პრაიდი
  • ქვიარ ასოციაცია „თემიდა“